წლების წინ საქართველოში C ჰეპატიტის დიაგნოზი ბევრი ადამიანისთვის შიშთან და უიმედობასთან იყო დაკავშირებული. ამ ყველაფერს ემატებოდა მკურნალობასთან და სამედიცინო სერვისებთან დაკავშირებული პრობლემები, რომლებიც ქვეყანას ფაქტობრივად არ ჰქონდა. ამ დაავადების მქონე პაციენტებისთვის არსებული სურათი 2015 წლიდან იცვლება, როდესაც საქართველო ეროვნული პროგრამის განხორციელებას იწყებს. სამედიცინო სერვისით 94 000-მა პაციენტმა უკვე ისარგებლა. განკურნების მაჩვენებელი საქართველოში 99%-ია.
მიღწეული შედეგები სპეციალურ ანგარიშებში აისახება. დოკუმენტზე სპეციალური ჯგუფი მუშაობს.
მთავარი ადრესატი ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციაა. საქართველოს ჯანდაცვის სისტემა ჯანმოსგან საერთაშორისო ვალიდაციის, ანუ ოქროს დონის მიღების მოლოდინშია. ეს არის გლობალური აღიარება, რაც ნიშნავს, რომ ქვეყანამ წარმატებით დაძლია კონკრეტული დაავადება, როგორც საზოგადოებრივი ჯანმრთელობის საფრთხე.
C ჰეპატიტი ღვიძლის საშიში ვირუსული ინფექციაა. "ფარული მკვლელი" - დაავადებას ხშირად სწორედ ასე მოიხსენიებენ, რადგან ინფიცირებულთა 80 პროცენტში პროცესი უსიმპტომოდ მიმდინარეობს. გართულების ეტაპზე კი ღვიძლის მძიმე დაზიანებას იწვევს. ინფექციისგან განკურნების წინაპირობა დროული დიაგნოსტიკაა. C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში 8 მილიონზე მეტი სკრინინგი უკვე ჩატარებულია. გამოკვლეულია 3 მილიონზე მეტი ადამიანი.
სახელმწიფო სრულად აფინანსებს B ჰეპატიტის დიაგნოსტიკასა და ანტივირუსულ მკურნალობას. დედიდან შვილზე გადაცემა ვირუსის გავრცელების ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ფორმაა.
B ჰეპატიტის მიმართულებით საქართველომ ჯანმოს რეგიონული მიზნები უკვე შეასრულა. ბავშვებში დაავადების გავრცელება 0.03 პროცენტს შეადგენს. ახალშობილების 96 პროცენტი კი სრულად ვაქცინირებულია.
28 ივლისი ჰეპატიტებთან ბრძოლის დღეა. საქართველოს შედეგები და პროგრესი, რომელიც დღეს მედიკოსებმა და ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ შეაჯამეს, სრულ თანხვედრაშია ჯანმოს 2030 წლის გლობალურ სტრატეგიასთან, რაც C ჰეპატიტის ელიმინაციას ითვალისწინებს.