გერმანიაში, ლაიფციგი/ჰალეს აეროპორტში ასაფეთქებელი მოწყობილობის მქონდე დრონი აღმოაჩინეს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
საქსონიის პოლიციის ცნობით, აეროპორტში გამნაღმველი რობოტი მას შემდეგ გამოიძახეს, რაც აეროპორტის თანამშრომელმა მოწყობილობა უკრაინულ სატვირთო თვითმფრინავებთან ახლოს შენიშნა.
მედიის ინფორმაციით, მეორე ამოუცნობი ობიექტი იმავე აეროპორტის მახლობლად, სატვირთო თვითმფრინავს შეეჯახა. თვითმფრინავი მცირე დაზიანებით ჰანოვერში დაეშვა.
პოლიციის წარმომადგენელმა BBC-ს განუცხადა, რომ ასაფეთქებელი მოწყობილობა აეროპორტში გაჩერებულ უკრაინულ თვითმფრინავ An-24-თან ახლოს შენიშნეს. დეტონატორი ასაფეთქებელი მოწყობილობიდან ამოიღეს, რის შემდეგაც პოლიციამ კონტროლირებადი აფეთქება განახორციელა.
გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, ეს ინციდენტები "საფრთხის ახალ დონეს" აჩვენებს.
"ეს ყველაფერი არაპროფესიონალურ მიდგომაზე არ მიუთითებს. ჩვენ ვსაუბრობთ პროფესიონალურ, ჰიბრიდულ საფრთხის სცენარზე, რომლის განხილვასაც გავაგრძელებთ", - განაცხადა გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა ალექსანდრ დობრინდტმა.
როგორც მედია იუწყება, გერმანიის აეროპორტებში საგანგებო სიტუაციის მაქსიმალური დონეა გამოცხადებული მას შემდეგ, რაც ბოლო თვეების განმავლობაში, სამხედრო ბაზებზე, აეროპორტებში, ენერგეტიკულ ტერმინალებზე, საზღვაო პორტებსა და ლოჯისტიკურ კომპანიებზე დრონების რამდენიმე არასანქცირებული გადაფრენა დაფიქსირდა.
ცნობისთვის, აღმოსავლეთ გერმანიაში მდებარე ლაიფციგ/ჰალეს აეროპორტს გერმანიის სამხედროები და ნატოს მოკავშირეები სამხედრო აღჭურვილობის ტრანსპორტირებისთვის იყენებენ. ასევე, ის უკრაინის "ანტონოვის ავიახაზების" ბაზას წარმოადგენს, რომელსაც ქვეყნის საჰაერო ტვირთების დიდი ნაწილი გადააქვს.