საზოგადოების დაშინების და ქვეყნის ეკონომიკის დაზიანების მცდელობა – რატი იონათამიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ გარე ძალების მიერ დაფინანსებული მედიასაშუალებები ჰიბრიდული ომის ამ მეთოდს საზოგადოებაში ნეგატიური განწყობების შესაქმნელად იყენებენ. საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ოფიციალური სტატისტიკაც გამოაქვეყნა, სადაც მკვლელობების გახსნის 22-წლიანი მაჩვენებლებია ასახული.
2012 წლიდან 2026 წლის განმავლობაში დანაშაული მცირდება, ხოლო გახსნის მაჩვენებელი, პრაქტიკულად 100%-ს უტოლდება. საპარლამენტო უმრავლესობის წევრი იხსენებს "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის დროსაც, როდესაც საშუალო სტატისტიკით, წელიწადში 100-დან 400-მდე მკვლელობა რეგისტრირდებოდა, თუმცა მათი უმრავლესობა გაუხსნელი რჩებოდა.
22-წლიანი სტატისტიკა ციფრებში ასე გამოიყურება: 2004 წლიდან 2026 წლის განმავლობაში სულ 3391 მკვლელობა დარეგისტრირდა. აქედან ყველაზე მეტი (2201) 2004-დან 2012 წლამდე მოხდა. დანაშაულის გახსნის მაჩვენებელიც ამ პერიოდში ყველაზე დაბალი, 49 პროცენტიდან 76 პროცენტამდე იყო. 2012 წლიდან 2025 წლამდე მონაცემები შეიცვალა. 13-წლიან პერიოდში 1190 მკვლელობა მოხდა. დანაშაულის გახსნის სტატისტიკა კი 85 პროცენტიდან 96 პროცენტამდე გაიზარდა. გამონაკლისი 2026 წლის პირველი ნახევარია, როდესაც მკვლელობის გახსნის 100-პროცენტიანი მაჩვენებელი დაფიქსირდა.
ოპერატიული გამოძიება, პრევენცია და დამნაშავე პირების სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა შინაგან საქმეთა სამინისტროს პრიორიტეტებში მთავარი მიმართულებაა. შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის დეპარტამენტში აცხადებენ, რომ მძიმე დანაშაულის გახსნის მზარდი სტატისტიკა საზოგადოებრივი უსაფრთხოების გარანტიაა.
რა მიზანი აქვს ოფიციალური სტატისტიკისგან განსხვავებული რეალობის წარმოჩენას – ოპოზიციის უმრავლესობამ დღეს პასუხის გაცემა არ ისურვა. 2012 წლამდე მკვლელობების მაღალ მაჩვენებელზე კომენტარზე უარი თქვეს ყოფილ სახელისუფლებო პარტიაში. გიორგი გახარიას გუნდში კი თქვეს, რომ წარსულზე პასუხისმგებელი სწორედ სააკაშვილის პარტიაა.
"აღქმებით მანიპულირება და მიზანმიმართული დეზინფორმაცია" – ასე აფასებენ საპარლამენტო უმრავლესობაში ოპონენტების მიერ წარმოებულ კამპანიას. "ქართული ოცნების" წევრების განცხადებით, ოპოზიციური მედიები და ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ქვეყნის იმიჯის დაზიანებას ცდილობენ.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, 2012 წლიდან მკვლელობების სტატისტიკა მინიმუმ სამჯერ შემცირებულია. სპეკულაციებით დაკავებულებს პრემიერ-მინისტრი საერთაშორისო რეიტინგებსაც ახსენებს. ირაკლი კობახიძის განცხადებით, ის, რომ ქვეყანა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო სახელმწიფოა, არაერთმა გავლენიანმა ორგანიზაციამ დაადასტურა.
სახელისუფლებო პარტიისთვის საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ მიზანმიმართული ქმედებები საბოტაჟის მცდელობას უტოლდება. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ სწორედ მათი პოლიტიკის შედეგია, რომ ოფიციალური მონაცემებით საქართველოში მკვლელობების რაოდენობა შემცირებულია, დანაშაულის გახსნის პროცენტული მაჩვენებელი კი ყოველწლიურად იზრდება.