07 აგვისტო 2026,   15:09
ვრცლად
თბილისიდან ბათუმში მატარებლით მგზავრობას უკვე მხოლოდ 4 საათში სჭირდება - განახლებული რკინიგზით პრემიერ-მინისტრმა იმგზავრა

დილის 10:15 საათი – თბილისიდან ჩქაროსნული მატარებელი ბათუმის მიმართულებით დაიძრა. ტრანსპორტი მგზავრებს ზღვისპირა ქალაქში იმაზე სწრაფად ჩაიყვანს, ვიდრე ეს რამდენიმე დღის წინ იყო შესაძლებელი.

მატარებელი, რომელშიც სხვა მგზავრებთან ერთად "კურიერის" გადამღები ჯგუფიც იმყოფებოდა, თბილისიდან ბათუმში ზუსტად 4 საათში ჩავიდა. ამ მიმართულებით სამგზავრო დრო, 1 საათით და 30 წუთით შემცირდა. მოქალაქეებისთვის მატარებლით გადაადგილება უფრო კომფორტული გახდა.

განახლებული გრაფიკით თბილისი–ბათუმის მატარებლით საქართველოს პრემიერმა ეკონომიკის მინისტრთან ერთად იმგზავრა. მგზავრობის დრო რკინიგზის ინფრასტრუქტურის განახლების შედეგად შემცირდა. განხორციელდა ლიანდაგების რეაბილიტაცია, დამონტაჟდა დამცავი ღობეები, განახლდა სადგურების ნაწილი და გაიზარდა მატარებლების მოძრაობის სიჩქარე.

თბილისსა და ბათუმს შორის შემცირებულ სამგზავრო დროსა და ტურიზმის განვითარების პერსპექტივებზე საუბრობს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე. განახლებული ინფრასტრუქტურის მნიშვნელობასა და მის დადებით გავლენაზე, როგორც შიდა, ისე საერთაშორისო ტურიზმზე, აქცენტს საქართველოს რკინიგზაშიც აკეთებენ.

პრემიერ-მინისტრმა ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიაში განახლებული სასწავლო და საწვრთნელი ინფრასტრუქტურაც დაათვალიერა და დაგეგმილ პროექტებს გაეცნო. 2026–2027 სასწავლო წლიდან აკადემია 900 სტუდენტს მიიღებს. შესაბამისადაც გაფართოვდა სასწავლო ინფრასტრუქტურა. ასევე, დაგეგმილია აკადემიის სრული რეაბილიტაცია და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად განახლება.

დღესვე პრემიერი ეკონომიკის მინისტრთან ერთად, ბათუმის საზღვაო ნავსადგურში მიმდინარე სამუშაო პროცესს დაესწრო. ნავსადგურის და ტერმინალების წარმომადგენლებმა მთავრობის წევრებს ობიექტების არსებული შესაძლებლობები და სამომავლო ინფრასტრუქტურული განვითარების გეგმები გააცნეს. აქცენტი გაკეთდა ქვეყნის სატრანსპორტო- ლოგისტიკური შესაძლებლობების გაძლიერებაზე.

ბათუმის ნავსადგური ტვირთბრუნვის ზრდის დადებით დინამიკას ინარჩუნებს. საერთო ტვირთბრუნვა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 4 პროცენტით არის გაზრდილი, კონტეინერების რაოდენობის მაჩვენებელი კი 14 პროცენტით მეტია.

დღის ამბები