07 აგვისტო 2026,   18:10
ვრცლად
31-მილიონიანი პროექტი გუდაურში - კურორტი ვიზიტორებს ახალი საბაგიროებითა და ხელოვნური გათოვლიანებით უმასპინძლებს

"სოლიკო" და "კიკილო" – ეს გუდაურის მთავარი სიახლეა, თუმცა არა ერთადერთი: ორი სასრიალო ტრასა 7500 მეტრის ხელოვნური გათოვლიანების სისტემით აღიჭურვება. ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი სათხილამურო კურორტი ზამთრის სეზონს განახლებული ინფრასტრუქტურით ხვდება. გუდაურში დაგეგმილი მასშტაბური პროექტი მთავრობის სხდომაზე განიხილეს.

პროექტის ფარგლებში გუდაურში მომდევნო სეზონისთვის კიდევ რამდენიმე მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდება. მათ შორის, მოხდება ძველი საბაგიროების დემონტაჟი. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სიახლეა ისიც, რომ "გუდაურას" ტრასა ღამის განათებით აღიჭურვება. მთის ტრასების სააგენტოში აცხადებენ, რომ პროექტების განხორციელება შექმნის პირობებს, რომ ზამთრის სეზონი უფრო სტაბილური, ხანგრძლივი და მრავალფეროვანი გახდეს.

ადგილი, სადაც თოვლი 5 თვეს ძლებს, იდეალურია მოთხილამურეებისთვის, ექსტრემალებისა და აქტიური დასვენების მოყვარულებისთვის.

ტურიზმის სფეროს წარმომადგენლების შეფასებით, განახლებული ინფრასტრუქტურა საერთაშორისო ბაზარზე კურორტის კონკურენტუნარიანობას კიდევ უფრო გაზრდის. მათი თქმით, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ინფრასტრუქტურა კურორტს დამწყები და გამოცდილი მოთხილამურეებისთვის უფრო მიმზიდველს გახდის.

ინფრასტრუქტურული პროექტების საერთო ღირებულება 31 მილიონი ლარია. მათი დასრულება 15 დეკემბრამდეა დაგეგმილი.

განახლებული ინფრასტრუქტურა ვიზიტორებს ახალი სეზონიდან მოემსახურება.

დღის ამბები