"საქართველო უნდა იყოს მონაწილე იმ გლობალური დაპირისპირებისა, რომელიც საქართველოს ნგრევას გამოიწვევს, თუმცა გარკვეულ უპირატესობას შეუქმნის ამ დაპირისპირების ფრონტზე კონკრეტულ ძალას" - ამ გეგმაში ე.წ დიფ სთეითის ინტერესი საქართველოს გადარჩენა არ არის.
სახელისუფლებო გუნდში ამბობენ, რომ გავლენიანი ძალების რეალური მიზანი, ქვეყნის გლობალურ დაპირისპირებაში ჩართვით, რუსეთის რესურსებზე უპირატესობის მოპოვებაა. როგორ სურს ე.წ დიფ სთეითს მიზნის მიღწევა? - "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ ანტირუსული განწყობების გაღვივება, დარტყმა ეკონომიკაზე, შეტევა სამშვიდობო პოლიტიკაზე, საზოგადოების დაპირისპირება და ექსტრემისტული პროცესების განვითარება- ის სცენარია, რაც გლობალური ძალების აღქმით, ქვეყანას სამხედრო კონფლიქტში ჩართავს.
გლობალური ძალების დიდი სქემის ერთი ნაწილია - რუსოფობიური განწყობების გაღვივება, რომელშიც გარე დავალებების მიმღები სუბიექტების, დამხმარე ძალაა ჩართული- მათ შორის ხელოვანები, რომლებსაც დიდი გავლენა აქვთ საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაზე. სახელისუფლებო გუნდში ამბობენ, რომ გეგმის ეს ნაწილი "დიფ სთეითმა" საგანგებოდ 2022 წელს, უკრაინაში საომარი მოქმედებების შემდეგ აამუშავა.
ორი განსხვავებული რეალობის ამსახველი ვიდეო, "ფრაქცია ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილემ გაავრცელა სოციალურ ქსელში. იმის საილუსტრაციოდ, თუ როგორ შეიცვალეს ოკუპანტი ქვეყნის მიმართ განწყობები კულტურის სფეროს წარმომადგენლებმა უკრაინის საომარი მოქმედებების და არა აგვისტოს ომის შემდეგ - ეს კი ლევან მაჭავარიანს კიდევ ერთხელ არწმუნებს, რომ ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მსგავსად, გარე დაკვეთების შემსრულებლად ხელოვანების ნაწილიც იქცა.
ოკუპანტთან დათბობის პოლიტიკა აირჩია, აგვისტოს ომის შემდეგ მაშინდელმა ხელისუფლებამაც. მიხეილ სააკაშვილმა, რომელიც რუს ტურისტებს საქართველოს საზღვარზე ხვდებოდა, ცალმხრივად გაუუქმა სავიზო რეჟიმი და ოკუპანტს სტრატეგიული ობიექტები გადასცა, დღეს დუმს და არაფერს ამბობს, მის მიმართ არსებულ არაერთ მნიშვნელოვან კითხვაზე. მსჯავრდებული ექსპრეზიდენტის პასუხისმგებლობაზე დასმული შეკითხვა განსაკუთრებულად აღიზიანებთ "ნაციონალურ მოძრაობაში".
ლოგიკა მოვლენათა იმ ჯაჭვშია, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ უკვე წლებია გრძელდება. მასირებული შეტევები და კოორდინირებული თავდასხმები, რომლის მიზანიც საქართველოს ჩართვა იყო ომში და იმ დიდ გეოპოლიტიკურ თამაშში, რომელიც გარე ძალებისთვის ხელსაყრელი, საქართველოსთვის კი დამანგრეველი იქნებოდა, ისე როგორც 2008 წლის აგვისტოში.
ე.წ დიფ სთეითის გეგმაზე, პრემიერ-მინისტრმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე დეტალურად და კონკრეტული მაგალითებით ისაუბრა. ირაკლი კობახიძემ განმარტა ისიც, თუ რატომ დაიწყეს შტურმის ახალი ეტაპი ქვეყანაზე, რომელმაც უარი თქვა მეორე ფრონტის გახსნაზე, ეკონომიკის ჩამოშლაზე, არ აყვა შანტაჟსა და მუქარებს, რომელიც საბოლოო ბერკეტი იყო "დიფ სთეითის" ხელში.
სწორედ ამ რეალური საფრთხის გამო მიიჩნია პრემიერ-მინისტრმა, საქართველოს წინააღმდეგ დაწყებული კოორდინირებული შეტევის ახალი ტალღის შესახებ, მოქალაქეების ინფორმირება გადაუდებელ აუცილებლობად.