მარიამ მთივლიშვილი კულტურის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის და მედია კომუნიკაციების სამსახურის სტაჟიორია. ის ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამაში ჩაერთო, განაცხადი შეავსო, გასაუბრება გაიარა და უწყებისგან დადებითი პასუხიც მიიღო.
გასულ წელს კულტურის სამინისტრომ, სტაჟირება 19 ვაკანტურ ადგილზე გამოაცხადა. ანაზღაურებად სტაჟირებაზე ახალგაზრდებს წელსაც ელოდებიან.
ყველა საჯარო დაწესებულებაში დასაქმების მსურველების განაცხადების მიღება პირველი სექტემბრიდან დაიწყება. 3000-ზე მეტ ვაკანსიაზე, 3 თვიან ანაზღაურებად სტაჟირებასთან დაკავშირებით რეგისტრაცია 10 სექტემბერს დასრულდება.
ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით ამოქმედდა. მთავარი მიზანი ახალგაზრდებისთვის პრაქტიკული გამოცდილების მიღება და საჯარო დაწესებულებებში ახალი კადრების დამატებაა. ახალგაზრდამ, რომელიც საჯარო დაწესებულებაში სტაჟირებას გეგმავს, კონკრეტული მოთხოვნები უნდა დააკმაყოფილოს. აუცილებელია იცოდეს სახელმწიფო ენა და სწავლობდეს დამამთავრებელ კურსზე.
სტაჟიორის შერჩევის დროს განსაკუთრებული ყურადღება სტუდენტის აკადემიურ მოსწრებას ექცევა. სტუდენტების შანსებსა და პროგრამის მნიშვნელობაზე აკეთებენ აქცენტს ეკონომიკის სამინისტროშიც.
ახალი კადრების მისაღებად, ყველა საჯარო უწყება მზადაა. დასაქმების მსურველთა შერჩევის პროცესი 1 ოქტომბერს დასრულდება, ანაზღაურებდი სტაჟირების პერიოდი კი 31 დეკემბრამდე გაგრძელდება.