ოპოზიციის ანტისახელმწიფოებრივი კამპანია - გიორგი ბარამიძის განცხადებას აფხაზეთის ომში ქართველი მებრძოლების მხრიდან ტყვეების დახვრეტასთან დაკავშირებით, მმართველი გუნდი საქართველოს ეროვნული ინტერესების მიზანმიმართულად დაზიანების მცდელობას უწოდებს. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ "ნაციონალური მოძრაობა" ანტიქართული ნაბიჯებით ყველანაირად ცდილობს, ხელი შეუშალოს ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებში ნდობის აღდგენის პროცესს.
გიორგი ბარამიძემ თავდაპირველად იაგო ხვიჩიას გადაცემაში თქვა, რომ აფხაზეთის ომში ქართველი მებრძოლები სამხედრო ტყვეებს ხვრეტდნენ. შემდეგ ვიდეომიმართვა გაავრცელა და ტყვეების დახოცვა ხალხს დააბრალა. ამ განცხადებების ავტორმა უცვლელი შინაარსის კომენტარი გააკეთა დღეს "კურიერთან" სატელეფონო საუბარშიც.
ბარამიძე ყველა ახალი განცხადებით, ვეტერანების შეფასებით, ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებში ნდობის აღდგენის პროცესს უშლის ხელს. მალხაზ თოფურიამ დღეს "კურიერს" კონკრეტული მაგალითიც უთხრა, თუ რა შედეგი მოჰყვა უკვე "ნაციონალური მოძრაობის" წევრის განცხადებას ოკუპირებულ აფხაზეთში.
გიორგი ბარამიძის განცხადებას ქართველი მებრძოლების მხრიდან ტყვეების დახვრეტასთან დაკავშირებით, გამოხმაურება ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ხელისუფლების მხრიდანაც უკვე მოჰყვა. ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა თქვა, რომ ბარამიძის განცხადება არის მტკიცებულება, რომელსაც სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციაში გამოიყენებენ.
მმართველი გუნდი გიორგი ბარამიძის განცხადებას მიზანმიმართულ პროვოკაციად აფასებს. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ ოპოზიციას გარე ძალებისგან დავალებული აქვს, რომ ანტიქართული ნაბიჯებით ხელი შეუშალონ ქართულ-აფხაზური ურთიერთობების აღდგენის პროცესს, რასაც სამშვიდობო პოლიტიკით საქართველოს ხელისუფლება ცდილობს.
ბარამიძის განცხადებასთან დაკავშირებით გენერალურმა პროკურატურამ გამოძიება ვეტერანთა სახელმწიფო სამსახურის მიმართვის საფუძველზე დაიწყო. უწყებამ სამშობლოს ღალატისა და საბოტაჟის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში უკვე გამოკითხა აფხაზეთის ომის არაერთი ვეტერანი.