ომის დაწყებიდან ოთხ წელზე მეტი გავიდა. უკრაინაში ისევ ისმის საჰაერო განგაშის ხმა, ისევ იბრძვიან ფრონტზე და ისევ იღუპებიან მშვიდობიანი მოქალაქეები. თუმცა, ახლა კიევში კიდევ ერთი, ამჯერად - პოლიტიკური განგაშის სიგნალი ჩაირთო.
მიხაილო ფედოროვმა, თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა და ვოლოდიმირ ზელენსკის გუნდის ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა სახემ, ომის პირობებში არჩევნების ჩატარების საკითხი წამოჭრა. მან ქვეყანაში „მმართველობის სისტემურ კრიზისზე“, კორუფციასა და პროფესიონალიზმზე მაღლა პირადი ერთგულების დაყენებაზე ისაუბრა.
ფედოროვს პრეზიდენტის სახელი პირდაპირ არ უხსენებია და არც საკუთარი კანდიდატურა დაუყენებია. მაგრამ უკრაინაში ყველამ იცის, ვის მისამართზე გაისმა მისი მთავარი პოლიტიკური გზავნილი: ომი ხელისუფლებას საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულებისგან ვერ გაათავისუფლებს.
ეს უკვე მხოლოდ არჩევნების შესახებ დაწყებული დისკუსია აღარ არის. ფედოროვის გამოსვლით უკრაინაში პირველად გამოჩნდა გავლენიანი ფიგურა, რომელმაც ომის დროს ჩამოყალიბებულ ძალაუფლების ვერტიკალს შიგნიდან დაუპირისპირა დემოკრატიული ლეგიტიმაციის საკითხი.
ადამიანი, რომელიც ზელენსკის სისტემამ შექმნა
მიხაილო ფედოროვი გარედან მოსული ოპოზიციონერი არ არის. სწორედ ეს ხდის მის გამოსვლას განსაკუთრებით სახიფათოს უკრაინის ხელისუფლებისთვის.
იგი ზელენსკის გუნდს ჯერ კიდევ 2019 წლის საპრეზიდენტო კამპანიაში შეუერთდა და ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ქვეყნის ციფრული ტრანსფორმაციის მთავარ არქიტექტორად იქცა. ფედოროვის სახელს უკავშირდება სახელმწიფო სერვისების ერთ სივრცეში გაერთიანება, ტექნოლოგიური პროექტები და ომის დროს უპილოტო სისტემების სწრაფი განვითარება.
ის ზელენსკის პირველი მთავრობის ბოლო შემორჩენილი წევრი იყო. უკრაინის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა მინისტრმა ექვსი წელი იმუშავა ციფრული ტრანსფორმაციის მიმართულებით, ხოლო 2026 წლის იანვარში თავდაცვის სამინისტრო ჩაიბარა. მისი მიზანი იყო არმიის მონაცემებზე, დრონებსა და ტექნოლოგიურ უპირატესობაზე დაფუძნებული სისტემის შექმნა. ფედოროვი თავდაცვის მინისტრობიდან ივლისში, დანიშვნიდან მხოლოდ ექვს თვეში გადააყენეს.
ოფიციალურ მიზეზად შეიარაღებული ძალების მაშინდელ მთავარსარდალ ოლექსანდრ სირსკისთან თანამშრომლობის შეუძლებლობა დასახელდა. თუმცა კონფლიქტი გაცილებით ღრმა იყო: ისინი ომის წარმოების ორ განსხვავებულ ხედვას წარმოადგენდნენ.
ფედოროვი ტექნოლოგიურ გარდაქმნას, სწრაფ გადაწყვეტილებებსა და თავდაცვის შესყიდვების რეფორმას ითხოვდა. სირსკის კრიტიკოსები კი სამხედრო ხელმძღვანელობას ფრონტზე მძიმე დანაკარგებსა და ძველი მეთოდების შენარჩუნებაში ადანაშაულებდნენ.
ფედოროვის გათავისუფლებას ქუჩის საპროტესტო აქციები მოჰყვა. დემონსტრანტები სირსკის გადაყენებასა და ყოფილი მინისტრის დაბრუნებას მოითხოვდნენ. ზელენსკიმ მთავარსარდალი მალევე შეცვალა, მაგრამ ფედოროვი მთავრობაში აღარ დაუბრუნებია. ეს კომპრომისი საზოგადოებრივი პროტესტის დასაშოშმინებლად საკმარისი არ აღმოჩნდა.
რას ითხოვს ფედოროვი?
ფედოროვის მთავარი კითხვა მარტივად ჟღერს: თუ ომი კიდევ ერთი, ორი ან სამი წელი გაგრძელდება, ნიშნავს თუ არა ეს, რომ რუსეთი ირიბად გადაწყვეტს, როდის მიეცემათ უკრაინელებს საკუთარი ხელისუფლების არჩევის უფლება?
მისი პასუხია - არა.
ფედოროვის თქმით, უკრაინამ უნდა შექმნას „კანონიერი, უსაფრთხო და რეალისტური მექანიზმი“, რომელიც ხანგრძლივი ომის მიუხედავად სრულფასოვანი დემოკრატიული პროცესის აღდგენას შესაძლებელს გახდის. მისი მოთხოვნა მხოლოდ საარჩევნო თარიღის დანიშვნა არ არის. ის ამბობს, რომ სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს:
ფრონტზე მყოფი სამხედროების მონაწილეობა;
საზღვარგარეთ მცხოვრები მილიონობით უკრაინელის ხმის უფლება;
დევნილებისა და ფრონტისპირა რეგიონების მოსახლეობის მონაწილეობა;
საარჩევნო პროცესის უსაფრთხოება;
ინსტიტუტების დამოუკიდებლობა;
შედეგებისადმი საზოგადოებრივი ნდობა.
ამრიგად, ფედოროვს არჩევნების დაუყოვნებლივ, მოუმზადებლად ჩატარება პირდაპირ არ მოუთხოვია. ის მოითხოვს, რომ სახელმწიფომ უკვე დაიწყოს ისეთი სამართლებრივი და ტექნიკური ჩარჩოს შექმნა, რომელიც ომის პირობებშიც განაახლებს დემოკრატიულ პროცესს.
მაგრამ ფედეროვის გზავნილის ყველაზე მწვავე ნაწილი არჩევნებს კი არა, თავად მმართველობის სისტემას შეეხებოდა.
ფედოროვმა აღწერა სახელმწიფო, რომელშიც გადაწყვეტილებები თვეების განმავლობაში მოძრაობს კაბინეტებს შორის, რეფორმების ნაწილი გაურკვეველი მიზეზებით ჩერდება, სისტემა საკუთარ თავს იცავს, ხოლო ინიციატივა შეიძლება დაისაჯოს და ერთგულება - დაჯილდოვდეს.
ეს იყო ტექნოკრატიული ენით ნათქვამი პოლიტიკური ბრალდება: უკრაინის პრობლემა მხოლოდ რუსეთის არმია აღარ არის; სახელმწიფოს შიგნით არსებული ინერცია, კორუფცია და ძალაუფლების ჩაკეტილი სისტემა ქვეყნის თავდაცვისუნარიანობასაც აზიანებს.
რატომ არის ეს ზელენსკისთვის სერიოზული გამოწვევა?
უკრაინაში საომარი მდგომარეობის გამო საპრეზიდენტო, საპარლამენტო და ადგილობრივი არჩევნების ჩატარება აკრძალულია. ზელენსკის ხუთწლიანი საპრეზიდენტო ვადა 2024 წლის მაისში დასრულდა, თუმცა კონსტიტუციური უწყვეტობის პრინციპით ის მოვალეობის შესრულებას ახალი პრეზიდენტის არჩევამდე აგრძელებს.
ეს ავტომატურად არ ნიშნავს, რომ ზელენსკი "არალეგიტიმური" პრეზიდენტია - სწორედ ამ არგუმენტს იყენებს მოსკოვი უკრაინის ხელისუფლების დასასუსტებლად. მაგრამ რაც უფრო დიდხანს გრძელდება ომი, მით უფრო რთულდება კითხვა: რამდენ ხანს შეიძლება მოქმედებდეს საგანგებო სამართლებრივი რეჟიმი დემოკრატიული განახლების გარეშე?
აქამდე ამ საკითხს ან რუსეთი აყენებდა, ან უკრაინის ფარგლებს გარეთ მყოფი პოლიტიკოსები. ფედოროვის გამოსვლის მნიშვნელობა ის არის, რომ არჩევნების საკითხი ახლა ხელისუფლების ყოფილი, პოპულარული და გავლენიანი წევრისგან გაჟღერდა.
ის არც პრორუსი პოლიტიკოსია და არც ომის შეწყვეტას მოითხოვს. პირიქით, ფედოროვი ამტკიცებს, რომ უკრაინა სწორედ ევროპულ და თავისუფალ სახელმწიფოდ დარჩენისთვის იბრძვის. შესაბამისად, მისი გზავნილის უბრალოდ „რუსულ ნარატივად“ გამოცხადება ხელისუფლებას გაუჭირდება.
ფედოროვი ზელენსკის იმავე პოლიტიკურ ენაზე ესაუბრება, რომლითაც უკრაინა დასავლეთის მხარდაჭერას ითხოვს: დემოკრატია, ევროპული არჩევანი, ინსტიტუტების ძალა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა.
დაიწყო თუ არა საპრეზიდენტო კამპანია?
ფორმალურად - არა. ფაქტობრივად - მისი პოლიტიკური პოზიციონირება უკვე დაწყებულია.
ფედოროვმა არ განაცხადა, რომ პრეზიდენტობისთვის იბრძოლებს. უფრო მეტიც, 31 ივლისს ის ამბობდა, რომ ომის დროს ზელენსკის პოლიტიკურ ოპოზიციაში არ გადავიდოდა. თუმცა 18 აგვისტოს გამოსვლა ამ დაპირების საზღვრებს აშკარად გასცდა.
როდესაც ყოფილი მინისტრი არჩევნებს, ახალ საზოგადოებრივ კონტრაქტს, სისტემურ კრიზისსა და ხელისუფლების ანგარიშვალდებულებას ერთ ვიდეომიმართვაში აერთიანებს, ეს უკვე პოლიტიკური პლატფორმის მონახაზს ჰგავს.
ფედოროვს აქვს ის, რაც ტრადიციულ ოპოზიციას ხშირად აკლია:
ომის დროს სახელმწიფო მართვის გამოცდილება;
ტექნოლოგიური რეფორმატორის რეპუტაცია;
ახალგაზრდა ამომრჩევლის მხარდაჭერის პოტენციალი;
არმიის მოდერნიზაციასთან დაკავშირებული პოლიტიკური კაპიტალი;
ზელენსკის გუნდის შიდა მექანიზმების ცოდნა;
ხელისუფლებისგან გათავისუფლების შემდეგ გაჩენილი საპროტესტო მოძრაობა.
Socis-ის მიერ აგვისტოს დასაწყისში ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, პირველ ტურში ფედოროვს 13.1% ჰქონდა და ზელენსკისა და ვალერი ზალუჟნის შემდეგ მესამე ადგილზე გადიოდა. იმავე კვლევაში ფედოროვი ზელენსკის შესაძლო მეორე ტურში ამარცხებდა.
ზელენსკის რთული არჩევანი
ზელენსკის ადმინისტრაციისთვის ფედოროვის იგნორირება მარტივი არ იქნება. ყოფილი მინისტრის წინააღმდეგ ღია შეტევა მას დაზარალებულ რეფორმატორად წარმოაჩენს. მის მოთხოვნაზე დათანხმება კი პრეზიდენტის გუნდს ისეთი საარჩევნო პროცესისკენ უბიძგებს, რომლის შედეგიც წინასწარ გარანტირებული აღარ არის.
ამასთან, არჩევნებზე ყოველგვარი დისკუსიის უარყოფამ შესაძლოა გააძლიეროს ბრალდება, რომ საომარი მდგომარეობა ხელისუფლების პოლიტიკური სიცოცხლის გახანგრძლივების ინსტრუმენტად იქცა.
ამიტომ კიევის წინაშე არჩევანი მხოლოდ ამ ფორმით „არჩევნები ან არჩევნების გარეშე ცხოვრება“ აღარ დგას. მთავარი კითხვა ასეთია: შეუძლია თუ არა ომში მყოფ სახელმწიფოს, უსაფრთხოების დაცვის პარალელურად, შეინარჩუნოს ხელისუფლების მშვიდობიანი შეცვლის რეალური შესაძლებლობა? ფედოროვმა სწორედ ამ მტკივნეულ წერტილს დააჭირა თითი.
ომი გრძელდება, პოლიტიკური ზავი კი სრულდება
2022 წლის თებერვალში რუსეთის სრულმასშტაბიანმა შეჭრამ უკრაინის პოლიტიკურ კლასს დროებითი ერთიანობა აიძულა. პარტიული დაპირისპირება უკანა პლანზე გადავიდა, პრეზიდენტის გარშემო ძალაუფლება კონცენტრირდა და ეროვნული გადარჩენა ყველა სხვა საკითხზე მაღლა დადგა.
მაგრამ ომი დროებით საგანგებო მდგომარეობად აღარ აღიქმება. ის უკრაინის პოლიტიკური ცხოვრების ხანგრძლივ რეალობად იქცა. ასეთ პირობებში სულ უფრო რთულია საზოგადოების დარწმუნება, რომ ანგარიშვალდებულება, კონკურენცია და ხელისუფლების განახლება მშვიდობის დადგომამდე უნდა გადაიდოს.
ფედოროვის გამოსვლა შესაძლოა ჯერ კიდევ არ იყოს საპრეზიდენტო კამპანიის ოფიციალური დასაწყისი. თუმცა ის ნამდვილად არის ომის დროს მოქმედი პოლიტიკური ზავის დასასრულის პირველი მკაფიო სიგნალი.
ზელენსკის წინააღმდეგ ფრონტი ამჯერად არც მოსკოვიდან იხსნება და არც ძველი ოპოზიციიდან. ის იხსნება იმ სისტემის შიგნიდან, რომელიც თავად ზელენსკიმ შექმნა - ახალგაზრდა ტექნოკრატის მიერ, რომელიც პრეზიდენტთან ერთად მოვიდა ხელისუფლებაში, ომის ტექნოლოგიური სახე ჩამოაყალიბა და ახლა ამბობს: შეუძლებელია სახელმწიფო ხალხის ნდობა მხოლოდ ერთხელ მიიღოს და არჩევნები ამის შემდეგ აღარ ჩაატაროს.
უკრაინა რუსეთის წინააღმდეგ ისევ იბრძვის. მაგრამ კიევში უკვე იწყება მეორე ბრძოლაც - ვინ უნდა მართპს ქვეყანა? ვისი სახელით და რამდენ ხანს შეიძლება გაგრძელდეს ძალაუფლება მოქალაქეების ახალი მანდატის გარეშე.