საქართველოს ერთ-ერთი ისტორიული და უნიკალური კურორტი განვითარების ახალ ეტაპზე გადადის. აბასთუმანში ინფრასტრუქტურული პროექტები გრძელდება. რეაბილიტაცია დასკვნით ეტაპზეა. მიმდინარეობს წინასაპროექტო მოკვლევა, რომელიც შენობა-ნაგებობების, ტურისტული და რეკრეაციული სივრცეების, ქუჩებისა და გზების განახლებას მოიცავს. სამუშაოებს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს.
ცენტრალურ ქუჩებზე უკვე დასრულდა საბაგირო სადგურის და ცენტრალური პარკისა და ასტროფიზიკური ობსერვატორიის რეაბილიტაცია. აღიჭურვა ახალი გუმბათითა და ტელესკოპით. შემუშავდა კურორტ აბასთუმნის გენერალური გეგმა. და დასრულდა წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების მშენებლობა-რეაბილიტაცია. განახლების პროცესში განსაკუთრებული ყურადღება გზების მოწესრიგებას ეთმობა.
ამჟამად აბასთუმნის კურორტის განვითარებისა და მისი უნიკალური გარემოს შენარჩუნებისთვის საგზაო და ურბანული ინფრასტრუქტურის არაერთი პროექტი ხორციელდება.
ადგილზე გრძელდება 16 კილომეტრიანი, ბაღდათი-აბასთუმნის დამაკავშირებელი გზის მშენებლობა. პროექტის ფარგლებში უკვე აშენებულია 3 ახალი ხიდი, ამ ეტაპზე კი სამუშაოები მიმდინარეობს დამატებით ერთ ხიდსა და 368-მეტრიან გვირაბზე.მიმდინარე წლის ივნისში დაიწყო ობსერვატორიამდე მისასვლელი გზის მოწესრიგებაც. სამუშაოებს ადგილზე დღეს ინფრასტრუქტურის მინისტრი გაეცნო.
თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ინფრასტრუქტურა და კომფორტული გარემო ადგილობრივი მოსახლეობისა და ვიზიტორებისთვის - სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგად, გაიზრდება კურორტის ეკონომიკური პოტენციალი და აბასთუმანი საერთაშორისო ტურისტული მიმართულებით უფრო მიმზიდველი გახდება.