"ოპოზიციის რუსოფობიური გეგმა და ქვეყნის ინტერესების დაზიანების მორიგი მცდელობა", - მმართველი გუნდი ოპოზიციის კიდევ ერთ დეზინფორმაციულ კამპანიაზე საუბრობს.
"ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა, მათი თქმით რუსეთის მოქალაქეების უკონტროლო ნაკადზე განცხადება ლარსის შემდეგ, ამჯერად თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გააკეთეს.
პარტია "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" დროებითი მმართველობის საბჭოს თავმჯდომარის, ირაკლი ფავლენიშვილის განცხადებით, ისინი არ ებრძვიან ტურისტებს რუსეთიდან, თუმცა არ სურთ საქართველოში ქართველების რუსი მოქალაქეებით ჩანაცვლება.
"უკონტროლოდ მასობრივად შემოდიან ოკუპანტი ქვეყნის წარმომადგენლები. ამ ხალხის დიდი ნაწილი არ არის ტურისტი. ჩვენ არ ვებრძვით ტურიზმსა და ტურისტებს რუსეთიდან, არამედ არ გვინდა, საქართველოს მოქალაქეების ჩანაცვლება, ქართული ბიზნესების ჩანაცვლება", - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.
საპასუხოდ, უმრავლესობა ოპონენტებს ორმაგ სტანდარტზე მიუთითებს და ახსენებს, როგორ ხვდებოდა მათი ლიდერი 2008 წლის ომის მერე ლარსზე რუს ტურისტებს და როგორ ასხვისებდნენ სტრატეგიულ ობიექტებს რუსულ კომპანიებზე.
მმართველ გუნდში ოფიციალურ სტატისტიკასაც უსვამენ ხაზს, რომლის მიხედვითაც, ლარსის გავლით ქვეყნიდან უფრო მეტი ადამიანი გადის, ვიდრე შემოდის.