ლაზარე ჯორბენაძის თვითმკვლელობის საქმეზე საჯაროდ გაკეთებული განცხადებების საფუძველზე უკვე გამოიკითხა 8 პირი. ირაკლი ღარიბაშვილის წერილს უმრავლესობაში "ნაციონალურ მოძრაობასთან" შეთანხმებულ კონსპირაციად და მმართველი გუნდის დისკრედიტაციის მცდელობად აფასებენ.
მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ მსჯავრდებულმა სუიციდის დადასტურებულ შემთხვევაზე შეთქმულების თეორიები შექმნა, რასაც ოპოზიციამაც კოორდინირებულად დაუჭირა მხარი.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის თორნიკე ჭეიშვილის თქმით, ეს შეიძლება უკავშირდებოდეს ერთგვარ სტრატეგიას, რაც გულისხმობს იმას, რომ მოხდეს ყურადღების გადატანა ირაკლი ღარიბაშვილის მიმართ არსებული კითხვებიდან, რომელიც გამოძიებას აქვს.
"იქამდე, ვიდრე შესაბამისი სამართლებრივი პროცედურები დაიწყებოდა და სამართლებრივი მსვლელობა მიეცემოდა მათ ამ განცხადებებს, დაბეჯითებით ფაქტობრივად, აცხადებდნენ იმას, რომ არსებობდა პასუხგაუცემელი კითხვები ამ საქმესთან დაკავშირებით. როგორც კი დაინახეს, რომ სახელმწიფო ამ შემთხვევაში სრული სერიოზულობით, რა თქმა უნდა, ეკიდება საკითხს, მაშინვე მათი ნარატივი საპნის ბუშტივით გასკდა. რაც შეეხება იმას, რომ ერთგვარი წყარო ამისა გახლდათ ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ბატონი ღარიბაშვილი, აქ შეიძლება ჩვენ საქმე გვქონდეს ერთგვარ სტრატეგიასთან, რაც გულისხმობს იმას, რომ მოხდეს ყურადღების გადატანა მის მიმართ არსებული კითხვებიდან, რომელიც გამოძიებას აქვს", - განაცხადა თორნიკე ჭეიშვილმა.
ავტორი: ნანა გოგატაძე