პოლიტიკური მუქარა, შანტაჟი პარტიის აკრძალვით და ადამიანების სიცოცხლისთვის საფრთხის შექმნა - გერმანიაში ნომერ პირველი ოპოზიციური პარტია "ალტერნატივა გერმანიისთვის" ხელისუფლების მხრიდან მზარდი ზეწოლის სამიზნეა. ეს ყველაფერი საქსონია-ანჰალტის არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე ხდება, სადაც AfD-ის მხარდაჭერა 40–42%-ს აღწევს და მთავრობაში მყოფ ქრისტიან-დემოკრატებს უსწრებს. წინასაარჩევნო დაპირისპირებამ უკვე ძალადობრივი ფორმაც მიიღო - ბადკროიცნახში პარტიის საინფორმაციო სტენდს ქიმიური ნივთიერება გადაასხეს. დაშავდა ცხრა ადამიანი. იზოლაცია, სადაზვერვო მონიტორინგი და აკრძალვის მოთხოვნა - AfD-ში აცხადებენ, რომ ხელისუფლებაში არჩევნების გზით მათი მოსვლის შესაჩერებლად პოლიტიკური და სახელმწიფო ბერკეტები ერთდროულად ამოქმედდა.
ერთი პარტიის წინააღმდეგ გაერთიანებული პოლიტიკური სისტემა - რეიტინგების ზრდის პარალელურად, მთავრობის მხრიდან AfD-ის პოლიტიკური პროცესიდან ჩამოშორების მოთხოვნა კიდევ უფრო ძლიერდება. თავდაცვის მინისტრი ბორის პისტორიუსი და ბადენ-ვიურტემბერგის პრემიერ-მინისტრი ჯემ ოზდემირი კი, ფედერალურ მთავრობას, ბუნდესტაგსა და ბუნდესრატს საკონსტიტუციო სასამართლოში AfD-ის აკრძალვის პროცედურის დაწყებისკენ მოუწოდებენ. ამ შესაძლებლობის განხილვას ემხრობა ვიცე-კანცლერი ლარს კლინგბეილიც.
პოლიტიკური ოპონენტების გაკონტროლება და მათი დამორჩილება რომ კატეგორიულად მიუღებელია, ამას კარგად ხედავენ თბილისში. მმართველი გუნდის განცხადებით, გერმანია, რომელიც მუდმივად ერევა სხვა სახელმწიფოების შიდა საქმეებში ე.წ. დემოკრატიის დაცვის მოტივით, დემოკრატიის ყველა სტანდარტს დღეს თავად არღვევს.
სულ რამდენიმე თვის წინ ოფიციალური ბერლინი თბილისს "ნაციონალური მოძრაობის" წინააღმდეგ შეტანილი სარჩელის გამო აკრიტიკებდა. თავად სააკაშვილის გუნდში კი გერმანელი პოლიტიკოსების განცხადებებსაც ციტირებდნენ. სწორედ ამიტომ, ოპოზიციურ პარტიაში დღეს კითხვა დავსვით, როგორ აფასებენ გერმანიის სწრაფვას AfD-ის აკრძალვისკენ, რაზეც პასუხი ვერ მივიღეთ.
საკითხი უკვე შეფასდა საპარლამენტო უმრავლესობაში. კანონმდებლების განმარტებით, პარტიების აკრძალვის პროცესში თბილისსა და ბერლინს შორის განსხვავება ისაა, რომ საქართველოს ხელისუფლებას "ნაციონალური მოძრაობის" საქმიანობასთან დაკავშირებით კონკრეტული არგუმენტები აქვს. წამება, ბიზნესის რეკეტი, ტელევიზიების დარბევა, ხელისუფლების უზურპაცია - გერმანია კი AfD-ს-წინააღმდეგ მხოლოდ ერთ არგუმენტს, მათ იდეოლოგიას იყენებს.
საქსონია-ანჰალტის რეგიონში არჩევნები 6 სექტემბერს ჩატარდება, სწორედ ამ დღეს გაირკვევა, დაძლევს თუ არა AfD იმ დაბრკოლებებს, რასაც ხელოვნურად ხელისუფლება და მასთან დაკავშირებული ჯგუფები ქმნიან. "ალტერნატივა გერმანიისთვის" მხარდაჭერას სწორედ ის ლიბერალური პოლიტიკა ზრდის, რასაც მოქმედი კანცლერის, ფრიდრიხ მერცის გუნდი ირჩევს. AfD პირობას დებს, რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში პრაგმატულ პოლიტიკას გაატარებს, სხვა სახელმწიფოების საქმეებში არ ჩაერევა და არც სხვის ომს დააფინანსებს.