05 სექტემბერი 2026,   00:29
ვრცლად
მიწაში დამალული 82 გრამი მეთადონი და 7 დაკავებული - პოლიციამ დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკი ამოიღო

მიწაში დამალული ნარკოტიკი პოლიციამ მანამდე ამოიღო, სანამ კლიენტი აიღებდა. ვიდეოკადრები საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს არის გადაღებული. ახალგაზრდა მამაკაცმა სამართალდამცველები იმ სამალავთან მიიყვანა, სადაც, "კურიერის" ინფორმაციით, 82 გრამი მეთადონი ჰქონდა დადებული.

გასულ დღე-ღამეში აღკვეთილია არაერთი ნარკოდანაშაულის ფაქტი. ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 7 პირი დააკავეს და განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები ამოიღეს. მათ შორის "მეფედრონი", "მეთადონი", 4 კილოგრამამდე "მარიხუანა", 21 ძირი მცენარე "კანაფი" და 323 აბი "პრეგაბალინი".

"კურიერმა" საგამოძიებო მოქმედებების დეტალები და დაკავებულების ვინაობა გაარკვია.

ერთ-ერთი, რომელსაც პოლიციამ ნარკოდანაშაულისთვის ხელბორკილები დაადო, 32 წლის მამაკაცია, საქართველოს მოქალაქე. ის ე.წ. დამდები იყო. სამართალდამცველებმა მის მიერ მითითებული სამალავებიდან და ბინიდან განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღეს. ჩხრეკის დროს მის სახლში პოლიციამ ცეცხლსასროლი იარაღიც იპოვა.

დაკავებულები არიან ორგანიზებული ჯგუფის წევრებიც. ორი მამაკაცი, რომლებსაც ბინაში 21 ძირი კანაფი ჰქონდათ დარგული და სავარაუდოდ, მის რეალიზაციას გეგმავდნენ. ფაქტს ადასტურებს ის, რომ სახლში, სადაც ახალგაზრდა მამაკაცები ცხოვრობდნენ, ნარკოტიკების დაფასოებისთვის საჭირო მოწყობილობები ინახებოდა. ამავე ბინიდანაა ამოღებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით მარიხუანა.

დაკავებულებს შორის არიან ის პირებიც, რომლებიც ნარკოტიკულ საშუალებებს ამანათებით იღებდნენ და შემდეგ გასაყიდად აფასოებდნენ. მხილების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა მათ სახელზე გამოგზავნილი გზავნილები ჩაანაცვლეს და მასში მოთავსებული ნარკოტიკი ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.

7 დაკავებულიდან ნაწილი დუმილის უფლებას იყენებს, ნაწილი კი დანაშაულს აღიარებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ნარკოდანაშაულში ჩართული პირების დადგენის მიზნით საპოლიციო ღონისძიებები მთელი ქვეყნის მასშტაბით ყოველდღიურად ტარდება.

7 პირის საქმეზე გამოძიება ნარკოტიკული საშუალებების და ფსიქოტროპული ნივთიერებების შეძენა-შენახვა-რეალიზაციის ხელშეწყობის, ასევე ნარკოტიკული საშუალებების კულტივირების მუხლებით მიმდინარეობს. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.

დღის ამბები