05 სექტემბერი 2026,   01:55
ვრცლად
მოწმეებზე შესაძლო ზეწოლა და დანაშაულის განმეორების საფრთხე - სასამართლომ პროკურატურის მოთხოვნა გაიზიარა და თამაზ ელიზბარაშვილს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა

სოციალურ ქსელში თამაზ ელიზბარაშვილის მიერ გამოქვეყნებული შეურაცხმყოფელი კომენტარი თბილისის ერთ-ერთ რესტორანში მომხდარი ინციდენტის მიზეზი გახდა. შაკო კუჭაშვილი კოლეგებთან ერთად ვახშმობდა, როდესაც ადგილზე თამაზ ელიზბარაშვილი გამოჩნდა. შემთხვევითი შეხვედრის დროს კუჭაშვილმა მას წარსული შეურაცხყოფის გამო შენიშვნა მისცა, რამაც ელიზბარაშვილი გააღიზიანა.

პროკურატურის ინფორმაციით, ის დაზარალებულს და მასთან ერთად მყოფ პირებს დაემუქრა. უთხრა, რომ ამ საქმეს ასე არ დატოვებდა, მალე დაბრუნდებოდა და რესტორნის ტერიტორია არ დაეტოვებინათ. გამოძიების თანახმად, დაზარალებულებისთვის ცნობილი იყო, რომ თამაზ ელიზბარაშვილი ფლობდა იარაღს, რომელიც შესაძლოა მათ წინააღმდეგ გამოეყენებინა და ამიტომ, სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების შიშის გამო რესტორნის დატოვება გადაწყვიტეს.

დაზარალებულებს პოლიციისთვის არ მიუმართავთ. გამოძიება ოპერატიული შეტყობინების საფუძველზე მას შემდეგ დაიწყო, რაც სიტყვიერი შელაპარაკების შემდეგ თამაზ ელიზბარაშვილი რესტორანში, დაახლოებით 20 წუთში, გამოძიების ინფორმაციით, შეიარაღებული დაბრუნდა. ფაქტი ობიექტის მიმდებარე ტერიტორიაზე სამეთვალყურეო კამერებმაც დააფიქსირა. მუქარის ფაქტზე დაკავებულ ელიზბარაშვილს დღეს აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. ადვოკატი უარყოფს, რომ ელიზბარაშვილი შეიარაღებული იყო.

ადვოკატის შუამდგომლობა მოსამართლემ არ დააკმაყოფილა. მოწმეებზე შესაძლო ზეწოლა და დანაშაულის განმეორების საფრთხე იყო ის მთავარი არგუმენტი, რის გამოც სასამართლომ პროკურატურის მოთხოვნა გაიზიარა და თამაზ ელიზბარაშვილს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

პროკურორის განმარტებით, ელიზბარაშვილი რესტორანში ანგარიშსწორების მიზნით დაბრუნდა. დაცვის თანამშრომლების აკრძალვის მიუხედავად, ის მაინც შევიდა რესტორანში და ტერიტორია მხოლოდ მას შემდეგ დატოვა, როცა დარწმუნდა, რომ დაზარალებულები იქ აღარ იმყოფებოდნენ. გამოძიების ინფორმაციით, მომდევნო დღეს ბრალდებულმა დაზარალებულის მიმართ მუქარა უკვე სოციალურ ქსელში განაგრძო და მისგან ბოდიშის მოხდას ითხოვდა.

მუქარის ბრალდებით თამაზ ელიზბარაშვილს 1 წლამდე პატიმრობა ემუქრება. არ არის გამორიცხული მას ბრალი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა ტარების მუხლითაც დაუმძიმდეს.

დღის ამბები