ინოვაციური მედიკამენტის გამოყენებას დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვები უახლოეს პერიოდში შეძლებენ. საქართველოში "ჯივინოსტატის" შემოტანის პროცედურები დასრულებულია. პრეპარატი ქვეყანაში მომავალი კვირის დასაწყისში ჩამოვა. მასზე ხელმისაწვდომობას კი გლობალური ფარმაცევტული კომპანია "იტალფარმაკო" უზრუნველყოფს.
წამლის უსაფრთხოების გარანტია და მედიკამენტის გამოყენების პრაქტიკა - სახელმწიფომ მოლაპარაკებები სწორედ ამ ორი მთავარი ფაქტორის გათვალისწინებით დაასრულა. კიდევ ერთი სიახლე, რაზეც დღეს გამართულ ბრიფინგზე ჯანდაცვის მინისტრმა ისაუბრა, მეორე სამკურნალო პრეპარატს ეხება. მიხეილ სარჯველაძე ამბობს, რომ ამ შემთხვევაშიც კომპანიასთან მოლაპარაკება დასკვნით ეტაპზეა და შეთანხმებას ხელი უახლოეს მომავალში მოეწერება.
"ჯივინოსტატი" ქართველი პაციენტებისთვის უფასო იქნება. მედიკამენტს მთლიანად სახელმწიფო აფინანსებს. წამლის შეძენას წინ რამდენიმე თვიანი აქტიური მოლაპარაკება და მუშაობა უძღოდა. საფრთხის მინიმუმამდე დაყვანის შემდეგ კი, ბევრ ქვეყანაზე უფრო სწრაფად, საქართველო ინოვაციურ პრეპარატს საკუთარ მოქალაქეებს უკვე ორშაბათიდან შესთავაზებს.
საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა, სადაც პრეპარატი შემოვა და დიუშენის სინდრომის მქონე პაციენტების მკურნალობისთვის სახელმწიფო პროგრამაში დაინერგება. მშობლები ამბობენ, რომ ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად, გადაწყვეტილების მიღების პროცესში მაქსიმალურად იყვნენ ჩართულები.
ნევროლოგების შეფასებით, "ჯივინოსტატი" ფარმაცევტულ ბაზარზე არსებულ სხვა პრეპარატებთან შედარებით ყველაზე მისაღებია. მედიკამენტებით მკურნალობა დაავადების პროგრესირებას აჩერებს და პაციენტების მდგომარეობას აუმჯობესებს. პრეპარატის გამოყენებისა და პრაქტიკაში დანერგვის საკითხებზე ექიმებს ონლაინტრენინგიც ჩაუტარდათ.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის საკითხებზე სპეციალური სამუშაო ჯგუფი პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, სამი თვის წინ დაკომპლექტდა. მედიკამენტის შეძენასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებების მიღების პროცესში იშვიათი დაავადების მქონე ბავშვების მშობლებიც იყვნენ ჩართულები.
"ჯივინოსტატი" ბრიტანეთის მარეგულირებელმა სააგენტომ დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პაციენტების მკურნალობისთვის დასაშვებად მაისის ბოლოს ცნო.