სიძულვილის ენის წინააღმდეგ პროცესები გრძელდება. თბილისის საქალაქო სასამართლომ 1 500 ლარით დააჯარიმა თეიმურაზ მამალაძე, რომელმაც სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ლუკა ჭაფოძეს.
გიორგი სტურუა კი 2500 ლარით დაჯარიმდა, მან სიძულვილის ენა ირაკლი კობახიძის მისამართით გამოიყენა.
2 000 ლარის გადახდა დაეკისრა გიორგი ჭიაბერაშვილს. მან სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ბიძინა ივანიშვილს. სასამართლომ ასევე 1 500 ლარით დააჯარიმა, მარიამ მეყანწიშვილის შეურაცხყოფისთვის, თეიმურაზ გელაძე.
შსს-ს იურიდიული დეპარტამენტის სასამართლოებთან ურთიერთობის სამმართველოს განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა ინსპექტორის, სალომე ქირიას განცხადებით, აღნიშნულ საქმეებზე ქვეყნის მასშტაბით 400-ზე მეტი საქმის წარმოება მიმდინარეობს.
"სასამართლოში 400-ზე მეტი საქმეა შემოტანილი. საქართველოს მასშტაბით განიხილება სამართალდარღვევის ოქმები, განსჯადობის წესების დაცვით იგზავნება სხვადასხვა სასამართლოებში. შესამჩნევია, რომ შემცირდა მსგავსი სამართალდარღვევები. ოქმები აქტიურად დგება, რეაგირება აქტიურად მიმდინარეობს, უბრალოდ გაიზარდა მომართვიანობა თავად განმცხადებლების მხრიდან", - განაცხადა სალომე ქირიამ.