30 სექტემბერი 2026,   17:19
ვრცლად
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ირანის ელჩი დაიბარეს

2026 წლის 30 სექტემბერს, სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებებთან დაკავშირებით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ირანის ისლამური რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი სეიედ ალი მოჯანი (Seyed Ali Moujani) დაიბარეს, - ინფორმაციას საგარეო უწყება ავრცელებს.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე ხვთისიაშვილმა, ირანის ელჩს განუმარტა, რომ მის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებული განცხადებები სცდება დიპლომატიური საქმიანობის ფარგლებს.

მინისტრის მოადგილის განცხადებით, მსგავსი განცხადებები უარყოფითად აისახება საზოგადოებრივ განწყობებზე. მან იმედი გამოთქვა, რომ ირანის მხარე შესაბამის ზომებს მიიღებს და მსგავსი შემთხვევები აღარ განმეორდება, რათა ქართული მხრიდან დამატებითი ზომების მიღება არ გახდეს საჭირო.

ალექსანდრე ხვთისიაშვილმა ირანის ელჩს ასევე განუმარტა, რომ საქართველოში აკრედიტებულმა დიპლომატიურმა წარმომადგენლებმა საქმიანობა უნდა წარმართონ დიპლომატიური მანდატისა და კომპეტენციის ფარგლებში, დაიცვან დიპლომატიური ურთიერთობების დამკვიდრებული ნორმები და თავი შეიკავონ მასპინძელი ქვეყნის ისტორიისა და შიდა საკითხების ინტერპრეტირებისგან.

დღის ამბები