ლაზარე ჯორბენაძის თვითმკვლელობის საქმეზე საჯაროდ გაკეთებული განცხადებების საფუძველზე, გამოკითხვები გრძელდება. ამ წუთებში, თბილისის საქალაქო სასამართლოში მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით, გამოძიების შეკითხვებს "ასავალ დასავალის" ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე პასუხობს. სწორედ ჩუბინიძემ ჩაწერა ერთ-ერთი ბოლო ინტერვიუ ლაზარე ჯორბენაძესთან, რომელიც დავით გარეჯის თემას ეხებოდა.
გამოკითხვაზე შესვლამდე, დიტო ჩუბინიძემ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ სასამართლოს სიმართლეს ეტყვის.
"დამირეკა გამომძიებელმა, ქალბატონმა თამარ ხიჯაკაძემ, ჩემს სახლში იყო მოსული იმიტომ რომ მაგისტრმა მოსამართლემ მოითხოვა წერილობითი ოქმის შედგენა, ზეპირი მოთხოვნის დაკმაყოფილება მან არ ისურვა და როგორც განმიმარტეს ჩემმა მეგობარმა იურისტებმა, მას ჰქონდა ამის უფლება. დამირეკა, რომ ბატონო დიტოო 5 საათსა და 20 წუთზე, ზუსტად, ნუ 6-ის ნახევარზე პროცესი ჩაინიშნაო, სასწრაფოდ გამოვქანდი. სასამართლოს ვეტყვი სიმართლეს. დამთავრდება და მერე გეტყვით ყველაფერს." - განაცხადა დიტო ჩუბინიძემ.
საქმის ფარგლებში უკვე გამოკითხეს 10 პირი, მათ შორის თავად ირაკლი ღარიბაშვილი, რომლის წერილსაც უმრავლესობაში კონსპირაციად და მმართველი გუნდის დისკრედიტაციის მცდელობად აფასებენ.