ლიბიის უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელთა განცხადებით, ხელისუფლებამ ქვეყანაში ევროპიდან კონტრაბანდული გზით შეტანილი ათობით ათასი "ექსტაზის" აბი ამოიღო, რომლებზეც გამოსახული იყო ქვეყნის დამხობილი ლიდერის, მუამარ კადაფის სახე. ტრიპოლის უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ ფოტოებზე ჩანს ყავისფერი აბებით სავსე ტომრები; თავად აბებს კადაფის თავისა და მხრების ფორმა ჰქონდა მიცემული, ზედაპირზე კი მისი დამახასიათებელი ნაკვთები და სამოსის დეტალები იყო აღბეჭდილი.
გაეროს მიერ იანვარში გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, ლიბია სინთეზური და სხვა ნარკოტიკების მთავარ რეგიონულ სატრანზიტო ცენტრად იქცა. გაეროს ნარკოტიკებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ოფისის ანგარიშში ნათქვამია, რომ ნარკობანდები 2011 წლიდან სარგებლობდნენ ქვეყანაში არსებული არასტაბილური სიტუაციით.
უსაფრთხოების აგენტებმა მიიღეს ინფორმაცია, რომ დამნაშავეთა დაჯგუფება ნარკოტიკების ზღვით გაგზავნას გეგმავდა. ტრიპოლიში დაფუძნებული საპრეზიდენტო საბჭოს უსაფრთხოების სააგენტოს, "ალ რადას" განცხადებაში აღნიშნულია, რომ სამართალდამცველებმა ტვირთის ამოღებისას, აბები სატვირთო ფურგონში დამალული აღმოაჩინეს.
უწყების ცნობით, აბები ლიბიის პორტში ევროპული ქვეყნის გავლით მოხვდა, თუმცა არც ერთი მათგანი არ დაუსახელებიათ. ტრიპოლის საპრეზიდენტო საბჭო, სახელმწიფოს მეთაურის ფუნქციას ასრულებს 2021 წელს, გაეროს შუამავლობით გამართული დიალოგის შემდეგ, რომელიც გაეროს მიერ აღიარებულ "ეროვნული ერთობის მთავრობასთან" (GNU) შედგა.
წყარო: reuters