გაზეთი, რომელიც ამბებს ასავალს უძებნის, ზოგისთვის მალევე დასავალი ხდება. ასე მოხდა ამჯერადაც. კონსპირაციული სქემა მას შემდეგ გაიშიფრა, რაც ირაკლი ღარიბაშვილმა ციხიდან წერილების წერა დაიწყო. ბრალდებები ფაქტების გარეშე - ამ სცენარის ქრონოლოგია ასე გამოიყურება: რუსთავის მეთორმეტე პენიტენციური დაწესებულებიდან ღარიბაშვილი რიგით მეხუთე წერილს გზავნის. მსჯავრდებული ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების შესახებ წერს და სვამს კითხვას - რა გახდა მიზეზი? თუმცა ამ კითხვაზე პასუხი ჯორბენაძის მეუღლის ჩვენებას უკვე გაცემული აქვს. ხათუნა სირაძე, რომელიც დანაშაულს გამორიცხავს, დეტალურად აღწერს თვითმკვლელობის ფაქტს და ამბობს, რომ პრეტენზია არავის მიმართ აქვს.
კითხვას პასუხი აქვს, თუმცა ღარიბაშვილი მაინც სვამს, რაც ოპოზიციის დღის წესრიგიც ხდება. ერთ დროს ღარიბაშვილის ოპონენტები ტრაგედიით მანიპულირებას იწყებენ და მსჯავრდებულის სიტყვებს ერთმანეთის მიყოლებით იმეორებენ. საგამოძიებო უწყება საკითხით ინტერესდება და გამოკითხვებს იწყებს, თუმცა საჯაროდ გაკეთებული განცხადებების შემდეგ, მოწმის სტატუსით დაკითხულები, მათ შორის, ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, ამბობენ, რომ სისხლის სამართლის ამ საქმეზე არანაირი ინფორმაცია არ აქვთ. კითხვის ადრესატი ხდება კითხვის ავტორიც. პროკურორი აცხადებს, რომ ღარიბაშვილი ჯორბენაძის თვითმკვლელობის საქმის გარემოებებს არ იცნობს.
რატომ ემთხვევა ღარიბაშვილისა და ოპოზიციის რიტორიკა? და რას ემსახურება სუიციდის დადასტურებულ ფაქტზე კონსპირაციული თეორიების კოორდინირებულად გავრცელება? მმართველი გუნდი დარწმუნებულია, რომ ერთ დროს პოლიტიკურ ოპონენტებს დღეს საერთო მიზანი აერთიანებთ - მანიპულაციური გზით ხელისუფლების დისკრედიტაცია.
დავით გარეჯის საკითხით სპეკულირება და ტყუილი, რომელიც ლაზარე ჯორბენაძის მეშვეობით გავრცელდა და ირაკლი ღარიბაშვილმა გამოიყენა - ყველაფერს ნათელი მას შემდეგ, კიდევ ერთხელ მოეფინა, რაც მედიაში აუდიოჩანაწერი გავრცელდა: "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტის, დიტო ჩუბინიძისა და ლაზარე ჯორბენაძის ინტერვიუ. აუდიოჩანაწერით ირკვევა, რომ ჯორბენაძეს დავით გარეჯის საკითხთან დაკავშირებით არანაირი ინფორმაცია არ ჰქონია, არ ფლობდა დოკუმენტს ან კონკრეტულ მტკიცებულებას, რომლითაც ტერიტორიების გასხვისების საკითხს დაადასტურებდა. ჯორბენაძეს ერთმანეთში ერევა აზერბაიჯანის ხელისუფლების წარმომადგენლები, ციფრები და ტერიტორიის ფართობი, რომელზეც საუბრობს.
იკითხება დიტო ჩუბინიძეც, "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტი, რომელიც ირაკლი ღარიბაშვილის ინტერესების გატარებაშია მხილებული. საგამოძიებო უწყება არაერთი კითხვით დაინტერესდა, მათ შორის, ლაზარე ჯორბენაძის თვითმკვლელობის დადასტურებულ ფაქტზე, რომელიც, ღარიბაშვილის მსგავსად, დიტო ჩუბინიძის გაზეთმაც დააყენა კითხვის ნიშნის ქვეშ.
ვის რა ინტერესი აქვს და ვინ არიან ამ სცენარის მოქმედი პირები? მმართველი გუნდი საქმეში ფიგურანტი პირების წარსულს იხსენებს, მათ შორის დიტო ჩუბინიძის, რომელიც 2008-2012 წლებში გაზეთ "ალიასა" და ელისო კილაძის გაზეთში მუშაობდა, საიდანაც ბიძინა ივანიშვილის მადისკრედიტებელი სტატიები იბეჭდებოდა. მაშინ ჩუბინიძე ამტკიცებდა, რომ ბიძინა ივანიშვილი სააკაშვილის რეჟიმის შემოქმედი იყო. არქივი ინახავს პრესკონფერენციის იმ ჩანაწერსაც, სადაც დიტო ჩუბინიძე დეზინფორმაციის საპასუხო ბროშურებმა გააღიზიანა.
2013 წელი. საკუთარ აგენტობაზე თავადვე საუბრობს ზურაბ ლაზარე ჯორბენაძე, რომელიც ამბობს, რომ "ნაციონალური მოძრაობა" პოლიტიკურ პარტიებში აგენტებს მასობრივად ნერგავდა. აღიარებს, რომ თავად "ქართულ ოცნებაში" კუდის აგენტი იყო, რომელიც პოლიტიკოსებს უსმენდა და უთვალთვალებდა. ამბობს იმასაც, რომ 2012 წლის ზაფხულში ბიძინა ივანიშვილის ლიკვიდაცია იგეგმებოდა.
ვისთან გადაიკვეთა ღარიბაშვილის გზა? - წარსული ფაქტებიდან და აწმყოში მიმდინარე კამპანიიდან გამომდინარე, მმართველ გუნდს ბევრი კითხვა აქვს. სახელისუფლებო პარტიაში, არაერთი ფაქტის შემდეგ, დარწმუნდნენ, რომ ხელისუფლების წინააღმდეგ მიმართული დეზინფორმაციული კამპანიის დამკვეთი ირაკლი ღარიბაშვილია, შემსრულებელი კი "ასავალ-დასავალი".
"ასავალ-დასავალი" რომ ირაკლი ღარიბაშვილს ლობირებს, ეს მისი გვერდებიდანაც ნათლად იკითხება. კორუფციაში მხილებული ღარიბაშვილის დანაშაულებრივი ქმედებების გამართლებასა და საქართველოს ხელისუფლების კრიტიკით დატვირთულ ჰედლაინებში. ბოლო 1 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სტატიებით ირკვევა, რომ ავტორებიც და რესპონდენტებიც, დანაშაულის აღიარების მიუხედავად, ღარიბაშვილის გამართლებას ცდილობენ. რა მიზანი აქვს გაზეთს? "ასავალ-დასავალის" რედაქტორი "რუსთავი 2"-ს არ პასუხობს, თუმცა ლაშა ნადარეიშვილმა სტატუსი გამოაქვეყნა და დაწერა, თითქოს გარეჯის სადავო ტერიტორიების რუკები საქართველოში ირაკლი ღარიბაშვილმა ჩამოიტანა. მმართველი გუნდი ოპონენტებს ახსენებს, რომ საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის ამსახველი, 1938 წლის ორიგინალი რუკების მოძიება და სამშობლოში ჩამოტანა, ბიძინა ივანიშვილის თხოვნით, დავით ხიდაშელმა შეძლო.
"რუსთავი 2"-ის არქივი ექსკლუზიურ ინტერვიუს ინახავს, რომელიც 2020 წელს არის ჩაწერილი. ბიზნესმენი დეტალურად იხსენებს, თუ სად და როგორ მოიძია საარქივო მასალა ბიძინა ივანიშვილის თხოვნით.
მძიმე დანაშაულებს სიცრუის გავრცელებით ვერავინ გადაფარავს - ქვეყნის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ გარკვეული პირები სენსიტიურ თემებს ანტისახელმწიფოებრივი ქმედებებისთვის იყენებენ.
ბრალის აღიარებიდან 8 თვეში ირაკლი ღარიბაშვილმა წერილების წერა დაიწყო. ყოფილი პრემიერი კორუფციაშია მხილებული, თუმცა მას გამოძიება კიდევ ერთ დანაშაულს - ქრთამის აღებას ედავება. ოფიციალური ბრალი, რომელიც ქართული ჯარისთვის 7 მილიონამდე ზარალის მიყენების სანაცვლოდ დიდი ფულადი სარგებლის მიღებას გულისხმობს, ღარიბაშვილს უკვე წარედგინა. დანაშაულის დადასტურების შემთხვევაში კი, მას 11-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.