13 სექტემბერი 2026,   23:32
ვრცლად
მიგრირებადი ფრინველების რაოდენობით აჭარა მსოფლიოში ერთ-ერთი გამორჩეული ადგილია - კადრები, რომელიც "კურიერი P.S."-ის კამერამ გადაიღო

აჭარა, ზაფხულის მიწურული, მთავარი სანახაობა იწყება - ზღვაში მზე, ცაში მტაცებელი ფრინველები ლივლივებენ.

გამოსაზამთრებლად, ჩრდილოეთიდან სამხრეთის ქვეყნებში მიმავალი გადამფრენი მტაცებლები აჭარის ცას გაივლიან, კოლხეთის დაბლობზე ძალებს აღიდგენენ, გამოიკვებებიან და ათასობით კილომეტრიან გზას აგრძელებენ - ამ მიგრაციის მარშრუტმა საქართველოს ფრინველთა სამყაროს მსოფლიო რუკაზე მნიშვნელოვანი ადგილი მიუჩინა.

აჭარის ძაბრი, ბოთლის ყელი - ასე ჰქვია მტაცებლების საფრენ ზოლს, რომლითაც 35 სახეობის ფრინველი სარგებლობს.

სოფელ შუამთაში ფრინველების გადაფრენის სანახავად ფრინველებზე დაკვირვების მოყვარულები მთელი მსოფლიოდან იკრიბებიან. კიდევ ერთი სადგური მტაცებლებზე დამკვირვებლებისთვის სახალვაშოშია. ბუნებასთან განმარტოება, ასიათასობით ფრინველის დათვლა, მათი ქცევის შესწავლა - ბევრი მათგანი ამ მიზნით აჭარას ყოველ წელს სტუმრობს.

ელი ამერიკიდან ჩამოვიდა. საქართველოში მტაცებლების გადაფრენას უკვე მეორედ აკვირდება, დიდი საერთაშორისო პროექტის ფარგლებში მათი დათვლა ევალება.

ფრინველებზე დაკვირვება ელინმა ჯერ კიდევ ნიდერლანდებში, ბავშვობიდან დაიწყო. პროფესიად აქცია და ამისთვის საუკეთესო ლოკაციაც შეარჩია. საქმიანი ვიზიტით აჭარას მეხუთედ სტუმრობს და საშემოდგომო მიგრაციის დასრულებამდე აქ დარჩენას გეგმავს.

აჭარის ცა და მიგრირებადი ფრინველების გუნდები არაერთ დოკუმენტურ ფილმში მოხვდა.

იუველ დაქსმა ფილმი რამდენიმე წლის წინ გადაიღო. მტაცებლებზე ნადირობა მას შემდეგ შემცირებულია, თუმცა გამოწვევად რჩება.

მდინარე ჭოროხის შესართავი, ეს ჭაობი თოლიების დიდი ნაწილის მუდმივი საცხოვრებელია - მტაცებელ და არამტაცებელ გადამფრენებსაც ხშირად მასპინძლობს.

შემოდგომა ცაში - მექსიკის და ისრაელის შემდეგ, ფრინველთა გუნდები ყველაზე მასშტაბურ სანახაობას აქ, აჭარაში ქმნიან. მტაცებელი ფრთოსნები კიდევ დაბრუნდებიან. აფრიკიდან ჩრდილოეთისკენ უკუმიგრაცია გაზაფხულზე იწყება.

დღის ამბები