17 სექტემბერი 2026,   06:53
ვრცლად
სინამდვილეში, ვაშინგტონის სასამართლოში არანაირი პროცესი არ მიმდინარეობს, რომელიც არსებითად მსჯელობს ამ საკითხზე. საქმე შეეხება საზოგადოებისთვის კარგად ცნობილ საარბიტრაჟო გადაწყვეტილებას - ბექა ძამაშვილი "ნამახვანჰესთან" დაკავშირებულ საქმეზე

"ნამახვან ჰესის" წინააღმდეგ პროტესტის შედეგად, ქვეყნისთვის მიყენებული რეპუტაციული და ფინანსური ზიანი - ასე აფასებენ მმართველ გუნდში ვაშინგტონის სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელმაც პარიზის საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებაზე დადგენილება გამოსცა.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე, ბექა ძამაშვილი აცხადებს, რომ საქმე შეეხება საზოგადოებისთვის კარგად ცნობილ საარბიტრაჟო გადაწყვეტილებას, რომელიც ორი წლის წინ, 2024 წელს მიიღო პარიზის არბიტრაჟმა და შესაბამისად, საქართველოს ხელისუფლებას ეს გადაწყვეტილება გასაჩივრებული აქვს პარიზის სააპელაციო სასამართლოში:

"სინამდვილეში, ვაშინგტონის სასამართლოში არანაირი პროცესი არ მიმდინარეობს, რომელიც არსებითად მსჯელობს ამ საკითხზე. საქმე შეეხება საზოგადოებისთვის კარგად ცნობილ საარბიტრაჟო გადაწყვეტილებას, რომელიც ორი წლის წინ, 2024 წელს მიიღო პარიზის არბიტრაჟმა და შესაბამისად, საქართველოს ხელისუფლებას ეს გადაწყვეტილება გასაჩივრებული აქვს პარიზის სააპელაციო სასამართლოში.

სწორედ პარიზში მიმდინარეობს საქმესთან დაკავშირებით მთავარი პროცედურები, რომელმაც უნდა საბოლოოდ გადაწყვიტოს ეს გადაწყვეტილება ძალაში დარჩება თუ არა. საქართველოს ხელისუფლებას მოთხოვნილი აქვს ამ გადაწყვეტილების გაუქმება და ჩვენ მიმდინარე წლის ბოლომდე არ ველოდებით რაიმე გადაწყვეტილებას ამ საქმეზე.

რაც შეეხება ვაშინგტონის სასამართლოს გადაწყვეტილებას, ეს შეეხებოდა მხოლოდ პროცესუალურ ნაწილს, რადგან მხარე არ დაელოდა პარიზში პროცედურების დასრულებას და პარალელურად სცადა ამ გადაწყვეტილების ცნობა-აღსრულების პროცედურების დაწყება. ვაშინგტონის სასამართლო მსჯელობდა უნდა დალოდებოდა თუ არა პარიზში პროცედურების დასრულებას და ეს გადაწყვეტილება, რომელსაც აშუქებენ ცალკეული ტელევიზიები, მხოლოდ პროცესუალურად შეეხება იმას, რომ ვაშინგტონში პარალელურად გაგრძელდება ეს პროცედურები. თუმცა, კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ ეს არ არის საბოლოო გადაწყვეტილება და ვაშინგტონის იურისდიქციაშიც ექვემდებარება შემდეგ გასაჩივრებას, რასაც, რა თქმა უნდა, საქართველოს მთავრობა გამოიყენებს ამ იურიდიულ შესაძლებლობას და ჩვენ ყველა იურისდიქციაში ბოლომდე დავიცავთ სახელმწიფოს ინტერესებს," - განაცხადა ძამაშვილმა.

საქართველოს მთავრობა შტატების სასამართლოში საქმის შეჩერებას ითხოვდა, საფრანგეთში მიმდინარე პროცესის დასრულებამდე, სადაც ქართული მხარე საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გაუქმებას ამ დრომდე ცდილობს. პარიზის სასამართლომ საქართველოს 383 მილიონდოლარიანი კომპენსაციის გადახდა 2024 წელს დააკისრა. "ენკამ" საერთაშორისო არბიტრაჟს "ნამახვანჰესის" პროექტთან დაკავშირებით მიმართა, მიზეზად კი სახელმწიფოს მიერ საინვესტიციო პირობების უხეში დარღვევა დაასახელა.

დღის ამბები