17 სექტემბერი 2026,   21:58
ვრცლად
ინგა ფხალაძე: დიდი ჰესები სისტემის სტაბილურობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია

"დიდი ჰესები სისტემის სტაბილურობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია" - აცხადებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, ინგა ფხალაძე.

მისი განმარტებით, ამ მხრივ საქართველოს პოტენციალი ჰიდრორესურსების თვალსაზრისით ძალიან მაღალია.

"დღევანდელი გენერაციის 80% მოდის ჰიდრორესურსებზე. შესაბამისად, იმისთვის, რომ უზრუნველყოფილ იქნას სისტემის სტაბილურობა, უნდა მოხდეს სისტემაში დივერსიფიკაცია. დივერსიფიკაცია გულისხმობს სხვა წყაროების განვითარებასაც - ეს გახლავთ მზე და ქარი, როგორც პროცენტულად გადანაწილებული გვაქვს თანაბრად. თუმცა, არსებული ჰიდრორესურსების პოტენციალი, რასაკვირველია, აჭარბებს, გამომდინარე იქიდან, რომ დღემდე უფრო მეტი გენერაცია მოდიოდა ჰიდრორესურსებზე. დიდი ჰესების წვლილი გენერაციაში არა მარტო საინჟინრო მნიშვნელობით განისაზღვრება, აქ ძალიან მნიშვნელოვანი გახლავთ ის ფაქტორი, რომ სისტემის სტაბილურობა უზრუნველყოფილი იქნება იმ ჰესებით, რომლებსაც აქვთ რეზერვუარები“ - განაცხადა ინგა ფხალაძემ.

მინისტრის მოადგილის განმარტებით, ვინაიდან სეზონურად ქვეყნის ჰიდროგენერაციის 80% მომდინარე წყალზე მომუშავე ჰესებზე მოდის, პიკური მოხმარების საათებში მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად და იმპორტზე დამოკიდებულების შესამცირებლად კრიტიკულად მნიშვნელოვანია წყალსაცავიანი (დიდი) ჰესების არსებობა, რომლებიც სისტემის სტაბილურ ფუნქციონირებას უზრუნველყოფს.

"იმისთვის, რომ პიკურ საათებში მოხმარების დაკმაყოფილება უზრუნველვყოთ და შევამციროთ იმპორტზე დამოკიდებულება, მნიშვნელოვანია გვქონდეს დიდი ჰესები. დიდი ჰესები უზრუნველყოფს იმას, რომ წყალუხვობისას რეზერვუარები ივსება, რაც შემდგომში პიკური მოხმარების დაბალანსების საშუალებას იძლევა ანუ ამ დროს იყენებ დაგროვილ ელექტროენერგიას და ამით იმპორტზე დამოკიდებულებას ამცირებ“ - აღნიშნა ინგა ფხალაძემ.

დღის ამბები