როგორც წესი, როდესაც ისეთ ქვეყანაში ვიწყებთ ოპერირებას, სადაც დასავლური სამყაროსთვის ნაკლებად ათვისებული ბაზარია, ჩვენი შესვლა ხშირად სხვა კომპანიებისთვისაც ხდება სიგნალი. ისინი ჩვენ მოგვყვებიან და ახალი შესაძლებლობების ძიებას იწყებენ, - განაცხადა შეერთებული შტატების პრეზიდენტის შვილმა და ტრამპის ბიზნესიმპერიის მმართველმა, "რუსთავი 2-თან", რეზო ჭიჭინაძესთან ექსკლუზიურ ინტერვიუში.
ერიკ ტრამპის თქმით, Trump Tower Tbilisi-ი იქნება უმაღლესი კლასის უძრავი ქონება მთელ ევროპაში.
"ვფიქრობ, ჩვენ მსოფლიოში უძრავი ქონების სფეროში ნომერ პირველი ბრენდი ვართ.
ჩვენ ყველა ქვეყანაში არ შევდივართ და, ყველა ქალაქსაც არ ვირჩევთ. ჩვენ ადგილმდებარეობებს ძალიან ფრთხილად ვარჩევთ. თითოეულ აშენებულ შენობაზე მსოფლიოს მასშტაბით დაახლოებით 100 შემოთავაზებაზე უარი მოდის. ადგილი განსაკუთრებული და გამორჩეული უნდა იყოს. სწორედ ამიტომ შევარჩიეთ თბილისი.
როდესაც ქვეყანაში ასეთი ძლიერი დასავლური ბრენდი შედის, ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ვფიქრობ, რომ ბევრი სხვა ბრენდიც მოგვყვება. ბევრი ბიზნესმენისთვის გახდება მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ საქართველოში შევდივართ.
როგორც წესი, როდესაც ისეთ ქვეყანაში ვიწყებთ ოპერირებას, სადაც დასავლური სამყაროსთვის ნაკლებად ათვისებული ბაზარია, ჩვენი შესვლა ხშირად სხვა კომპანიებისთვისაც ხდება სიგნალი. ისინი ჩვენ მოგვყვებიან და ახალი შესაძლებლობების ძიებას იწყებენ.
რაც შეეხება უშუალოდ უძრავ ქონებას, ეს შენობა ნამდვილად გამორჩეულია. Gensler-ი მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი არქიტექტურული კომპანიაა, გენერალური გეგმა ნამდვილად შთამბეჭდავია. Trump Tower-ი ამ გეგმის ფარგლებში პირველი შენობაა და მჯერა, რომ ის განსაკუთრებით წარმატებული იქნება.
ვფიქრობ, ყველას მოუნდება Trump Tower Tbilisi-ში ქონების შეძენა. ეს იქნება უმაღლესი კლასის უძრავი ქონება მთელ ევროპაში.
შენობის კონცეფციითა და მასშტაბით აღფრთოვანებულები ვართ.
როდესაც რომელიმე ქვეყანაში შევდივართ, იქ ყოველთვის ვტოვებთ ჩვენს კვალს და ამას ადამიანები ნამდვილად ამჩნევენ.
მჯერა, რომ საბოლოო ჯამში, ეს თავად ქვეყნისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანი და სასარგებლო იქნება", - განაცხადა ერიკ ტრამპმა "რუსთავი 2-თან", რეზო ჭიჭინაძესთან ექსკლუზიურ ინტერვიუში.