21 სექტემბერი 2026,   14:26
ვრცლად
მარნეულის სოფელი მარადისი იმ ადამიანებმა შექმნეს, რომლებსაც საკუთარი სახლის დატოვება და ყველაფრის თავიდან დაწყება მოუხდათ - როგორ იქცა დროებითი საცხოვრებელი მუდმივ სახლად

მარნეულს რომ გასცდები, მალევე ერთ პატარა სოფელს მიადგები - მარადისს. აქ დაახლოებით 50 ოჯახი ცხოვრობს. მათი უმეტესობა წლების წინ მაღალმთიანი აჭარიდან მეწყერს გამოექცა.

დრო გავიდა, უცხო მიწა სახლად იქცა, მიწაზე შრომა კი - აქაურების ყოველდღიურობად.

წლების წინ, აქ თითქმის არაფერი იყო, დღეს კი ერთ ჰექტარზე გაშენებული მეურნეობაა. ამ ყველაფრის საწყისი ერთი ქალი და მისი განსაკუთრებული ისტორიაა. ეს ქალი ნაირა ბოლქვაძეა - პირველი, ვინც ამ მიწაზე პერსპექტივა დაინახა და საქმეს შეუდგა... მცირე შესაძლებლობებით და დიდი მონდომებით. პირველი მოსავალი მეურნეობად გადაიქცა.

ეს მარადისია - სოფელს სახელიც აქაურებმა შეურჩიეს. თითქოს ამ ერთი სიტყვით თქვეს ყველაფერი, რისი თქმაც მაშინ, წლების წინ უნდოდათ.

აქ დაწყებულ ცხოვრებას გაგრძელება ჰქონოდა, შრომას - შედეგი და იმედს - მომავალი.

 

ავტორები: ანი გიუნტერი

დღის ამბები