24 სექტემბერი 2026,   15:07
ვრცლად
შალვა პაპუაშვილი: ე.წ. უწყვეტი პროტესტი დაიცალა შინაარსისგან, რევოლუციური პროპაგანდის ფრონტი დამარცხდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ე.წ. უწყვეტი პროტესტი შინაარსისგან სრულად დაიცალა და დღეს უკვე სექტად ჩამოყალიბებული ჯგუფის რევოლუციური პროპაგანდა დამარცხებულია.

მისივე თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის სულ უფრო ხშირად ისმის განცხადებები იმის შესახებ, რომ პარლამენტისთვის ბოიკოტის გამოცხადება შეცდომა იყო და არჩევნების გაყალბების თავადაც აღარ სჯერათ.

"მინდოდა, რომ ერთ-ერთ ღირსშესანიშნავ თარიღს გამოვხმაურებოდი, ვინაიდან თავიანთი დღეთაღრიცხვა აქვს ამ კონკრეტულ ჯგუფს და დღეს 666-ე სიმბოლური დღე არის მათთვის, რომ ამ გადმოსახედიდან კიდევ ერთხელ დაგვენახა ის, რაც დიდი ხანია უკვე ხელის გულზე დევს. მთლიანად ეს ჯგუფი, ეს ე.წ. უწყვეტი პროტესტი დაიცალა შინაარსისგან და ერთადერთი, საკუთარი თავის გამართლებით არის დაკავებული და ყველა ეს მათი აქტივობები არის მიმართული იმისთვის, რომ რაღაცნაირად თავის თავს დააჯერონ, რომ ისინი არსებობენ.

ამას ვხედავთ ჩვენ ყველა მათ გამოვლინებაში. რევოლუციური პროპაგანდის ფრონტი დამარცხებულა. აღარავის აღარ სჯერა, რომ იყო მშვიდობიანი აქციები 2024-2025 წლებში, აღარავის აღარ სჯერა, რომ მათ, ვინც დაკავებული არიან ძალადობისთვის, ძალადობა ჩადენილი არა აქვთ. აღარავის აღარ სჯერა, რომ არჩევნები იყო გაყალბებული. სხვათა შორის, თვითონაც აღარ სჯერათ, ატყობთ, ოპოზიციის წარმომადგენლებს. სულ უფრო ხშირია განცხადებები, რომ არასწორი იყო მათი საქციელი, როდესაც ბოიკოტი გამოუცხადეს პარლამენტს. დამარცხდა მთლიანად ამ, დღეს უკვე სექტად ჩამოყალიბებული ჯგუფის რევოლუციური პროპაგანდა და უბრალოდ საკუთარი თავის დამშვიდებით არიან დაკავებული," - აცხადებს შალვა პაპუაშვილი.

დღის ამბები