გორში კორძის კონცერტის გაუქმებას, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ეხმაურება.
მისიამ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ უკვე წლებია მხარს უჭერს კულტურის სფეროს საქართველოში და სჯერა შემოქმედებითი გამოხატვის თავისუფლების.
"სინანულს გამოვთქვამთ იმის გამო, რომ ევროკავშირის დაფინანსებული პროექტის "კრეატიული კომპასი საქართველოს" ფარგლებში დაგეგმილი ფესტივალი "კამარა" ორგანიზატორებმა უსაფრთხოებასთან დაკავშირებული მოსაზრებების გამო გადადეს.
30 წელია, ევროკავშირი მხარს უჭერს კულტურულ სფეროს საქართველოში - ეხმარება ქვეყანას უნიკალური კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებაში, ხელს უწყობს შემოქმედებით ინდუსტრიებს, საქართველოს ხელოვანებსა და კულტურულ სფეროში მოღვაწე ორგანიზაციებს მათ ევროპელ კოლეგებთან აკავშირებს. ევროკავშირს შემოქმედებითი გამოხატვის თავისუფლების მტკიცედ სჯერა," - ნათქვამია ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
არის თუ არა ქართველი ხალხის გინება და შეურაცხყოფა გამოხატვის თავისუფლება - მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ევროკავშირის წარმომადგენლობა რადიკალიზმის წახალისებას "გამოხატვის თავისუფლების" სახელით ფუთავს.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი სოციალურ ქსელში წერს, რომ ევროკავშირის წარმომადგენლობამ უნდა განმარტოს, რა სტანდარტებით ხელმძღვანელობს ღონისძიებების დაფინანსებისას, როგორ უზრუნველყოფს მათი მიზნობრიობის დაცვას და რა პასუხისმგებლობას იღებს საზოგადოებრივი უსაფრთხოების საკითხებზე.