საქართველოს პარლამენტის დელეგაცია, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, ნინო წილოსანის ხელმძღვანელობით, სამუშაო ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკის დედაქალაქში იმყოფება.
ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის დელეგაცია, მილი მეჯლისის თავმჯდომარეს, საჰიბა გაფაროვას შეხვდა.
მხარეებმა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სტრატეგიული პარტნიორობის, მათ შორის, საპარლამენტთაშორისო ურთიერთობების გაღრმავების საკითხზე ისაუბრეს. ყურადღება დაეთმო თანამშრომლობის გაძლიერებას.
საქართველოს პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე შოთა ბერეკაშვილი აცხადებს, რომ მომავალშიც გაგრძელდება თანამშრომლობა ენერგეტიკის სფეროში და კიდევ უფრო გაძლიერდება შუა კორიდორის ფუნქციაც.
"არა ერთი ეკონომიკური სექტორის მიმართულებით ჩვენ გაგვაჩნია სტრატეგიული პარტნიორობა, იქნება ეს ენერგეტიკის სექტორი, იქნება ეს ტრანსპორტი, ლოგისტიკა, იქნება ეს ტურიზმის სექტორი. თითოეული მიმართულებით მნიშვნელობა აქვს, რომ კოორდინირებულად ვიმოქმედოთ, გვქონდეს კოორდინირებული ეკონომიკური პოლიტიკა. მიგვაჩნია, რომ მომავალშიც განსაკუთრებული ხაზი გაესმევა თანამშრომლობას ენერგეტიკის სფეროში, შუა კორიდორის ფუნქცია ალბათ კიდევ უფრო გაძლიერდება," - აცხადებს შოთა ბერეკაშვილი.