სიძულვილის ენის წინააღმდეგ პროცესები გრძელდება. ბათუმის საქალაქო სასამართლომ ორი ათასი ლარით დააჯარიმა გოჩა ქოქოლაძე, რომელმაც სიტყვიერი შეურაცხყოფა მიხეილ ყაველაშვილს მიაყენა.
ზესტაფონის რაიონულმა სასამართლომ კი გაფრთხილება მისცა ზაურ კირკიტაძეს, რომელმაც სიძულვილის ენა მარიზ კობახიძის მისამართით გამოიყენა. თბილისის საქალაქო სასამართლოში გაიმართა ორი საქმის განხილვა. თეონა ბაღდავაძე ნათია ბერიძის შეურაცხყოფისთვის 1500 ლარით დაჯარიმდა.
თორნიკე რაზმაძის პროცესი კი 15 ოქტომბრისთვის გადაიდო. რაზმაძე საჯარო სივრცეში იყენებდა შეურაცხმყოფელ სიტყვებს.
"აღნიშნულ პიროვნებას, მის "ფეისბუქ" გვერდზე ჰქონდა გამოქვეყნებული ვიდეო, სადაც ფიქსირდებოდა, სავარაუდოდ, სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტი, აგრეთვე გამოქვეყნებული ვიდეოს ქვეშ მან გააკეთა კომენტარი, რომელიც მიემართებოდა იმავე პერსონას, ვინც იყო ვიდეოში ასახული, ეს იყო ქალბატონი ნათია ბერიძე, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით დაიწყო სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველომ შესაბამისი რეაგირება.
ასევე, ადვოკატმა ვიდეომტკიცებულებაც წარმოადგინა. იმავე შინაარსის იყო აღნიშნული ვიდეოც, თუმცა თავად მხარე აფიქსირებდა პოზიციას, რომ ეს კონკრეტული პირის სიტყვიერი შეურაცხყოფა არ ყოფილა და არ მიემართებოდა პერსონალურად მას, ამიტომაც ვერ იქნებოდა აღქმული როგორც 166-ე მუხლის შემადგენლობა, თუმცა სასამართლომ გაიზიარა ჩვენი პოზიცია, წარმოდგენილი მტკიცებულებებით დაადასტურა სამართალდარღვევის არსებობის ფაქტი და ქალბატონი თეონას მიმართ გამოყენებული იქნა სახდელის სახით ჯარიმა 1500 ლარის ოდენობით," - აცხადებს შსს-ს იურიდიული დეპარტამენტის სასამართლოებთან ურთიერთობის სამმართველოს განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა ინსპექტორი, სალომე ქირია.