30 სექტემბერი 2026,   20:29
ვრცლად
ჩვენ რატომ დავუკვეთავდით ეგეთ კომბინაციებს, თუ აყალბებ რამეს, სწორად მაინც გააყალბე - გიორგი ბუტიკაშვილი IRI-ის კვლევაზე

უკვე მეორე დღეა, ოპოზიცია ამტკიცებს, რომ IRI-ის კვლევებთან დაკავშირებით ინფორმაცია არ აქვს. ხელისუფლების ოპონენტები არ პასუხობენ შეკითხვას - ვინ დაუკვეთა კვლევა საერთაშორისო რესპუბლიკურ ინსტიტუტს. IRI-ის ევრაზიის წარმომადგენლობას "კურიერმა" წერილობით მიმართა - გამოაქვეყნებს თუ არა ორგანიზაცია კვლევის შედეგებს.

კვლევის მიხედვით, ოპოზიციურ პარტიებს მხოლოდ 1 ან 2 პროცენტი აქვთ, სულ კი 16 პროცენტი. "ქართული ოცნების" შედეგი ალოკაციის გარეშე 36 პროცენტია, ალოკაციით კი 55. აღსანიშნავია, რომ "ქართულ ოცნებას" 36 პროცენტი საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის არცერთ კვლევაში არ ჰქონია. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ "ქართული ოცნება" შედეგებით ისტორიულ მაქსიმუმზეა, ოპოზიცია კი ისტორიულ მინიმუმზე.

"კოალიცია ცვლილებისთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრი გიორგი ბუტიკაშვილი აცხადებს, არ იცის ეს კვლევა ვინ გაავრცელა.

მისი განცხადებით, კვლევის შედეგებიდან გამომდინარე, ეს მათი დაკვეთა ვერ იქნებოდა:

"არ ვიცი ეს ვინ გაავრცელა და საერთოდ რა არის წარმოდგენა არ მაქვს. მე არ ვყოფილვარ არაფრის მონაწილე, მეილითაც არ მქონია მათთან კომუნიკაცია. ისეთი კომბინაციებით არის გაზომილი, მე ვერ ვხდები ახლა რატომ გაიზომა მაგ კომბინაციებით. ჩვენ რატომ დავუკვეთავდით ეგეთ კომბინაციებს. მითუმეტეს, თუ აყალბებ რამეს, მაშინ სწორად მაინც გააყალბე. ნდობა არ მაქვს ასე ვიღაცებისგან გავრცელებულ რაღაცებზე," - აცხადებს "კოალიცია ცვლილებისთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრი გიორგი ბუტიკაშვილი.

პარტიების რეიტინგები არაოფიციალურად სოციალურ ქსელში გუშინ გავრცელდა.

დღის ამბები