პასუხი მარტა კოსს - მმართველი გუნდი ბრიუსელის ორმაგ სტანდარტზე საუბრობს.
ევროკომისარმა გაფართოების საკითხებში თქვა, რომ საქართველო მხოლოდ ქაღალდზეა კანდიდატი ქვეყანა და სურვილი გამოთქვა "ისიც იმავე დონეზე ყოფილიყო, რაზეც მოლდოვა და უკრაინაა". კოსმა განსაკუთრებით შეაქო კიშინოვი მაშინ, როცა საერთაშორისო კვლევებისა და ინდექსების მიხედვით საქართველო მოლდოვასა და უკრაინაზე გაცილებით წინ არის.
პარლამენტის დიასპორის კომიტეტის თავმჯდომარე შეფასებას კატეგორიულად ემიჯნება და ოპონენტებისა და კრიტიკოსების პოზიციას კონკრეტული ეკონომიკური მონაცემებითა და ციფრებით უპირისპირდება.
"საქართველო ნეტა იმ დონეზე იყოს, როგორც უკრაინა და მოლდოვეთი არისო. უკრაინაში რა ხდება? მოსახლეობა ამოწყვიტეს, ტერიტორიები დაკარგული აქვს, ეკონომიკა არ არსებობს, დახმარებებზე არსებობს ქვეყანა, გაცამტვერებულია ყველაფერი და ამას ადარებს მარტა კოსი საქართველოს - ეს ერთი, სიგიჟე და მეორე ნაწილში, მოლდოვეთის ნაწილში, ერთი კრიტერიუმი დაგვისახელოს ქალბატონმა კოსმა, რა, რომელი კრიტერიუმით ჯობია, მაგალითად, მორდოვეთი საქართველოს? ეკონომიკური ზრდა - ჩვენ გვაქვს 7.5%-ი, მათ აქვთ 2,2 %-ი. ინფლაცია - ჩვენ გვაქვს 4%-ის ფარგლებში, იქ არის 9%-ზე მეტი. საგარეო ვალი და ბიუჯეტის დეფიციტი მთლიან შიდა პროდუქტთან - იქ არის 19%-ზე მეტი, ჩვენთან არის 2.5, რაც არის ნორმაში. გამაგებინეთ, რომელი კრიტერიუმით ჯობია მორდოვეთი საქართველოს? ჩვენ არ გავყევით ამ ევრობიუროკრატების მოთხოვნებს, რომ თურმე სანქციები დაგვეწესებინა და ამ დროს თითოეული მათგანი, რომ ვაჭრობდა რუსეთთან ფარულად. აი ამის გამო სჯიან საქართველოს", - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.