"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი, ხატია დეკანოიძე ევროპარლამენტის მიერ საქართველოს შესახებ მორიგი რეზოლუციას გამოეხმაურა.
ხატია დეკანოიძის შეფასებით, ქვეყანას პოლიტპატიმრები ჰყავს და ეს არამხოლოდ მიხეილ სააკაშვილი, არამედ ის ადამიანებიც არიან, ვინც საპროტესტო აქციების დროს დააკავეს.
"მთავარი მოლოდინი, რაც აქვს ქართველ ხალხს, ეს არის, რომ საქართველო იყოს მშვიდობის და კეთილდღეობის იმ ქოლგაში, რომელსაც ჰქვია ევროკავშირი და "ქართულმა ოცნებამ" შეწყვიტოს ქართველი ხალხის წინააღმდეგ მიმართული ქმედებები. ჩვენ გვყავს პოლიტიკური პატიმრები, არა მხოლოდ მიხეილ სააკაშვილი, ყველა ის ადამიანი, რომელიც დააკავეს აქციების დროს. ძალიან მნიშვნელოვანია, ეს ადამიანები გათავისუფლდნენ", - აღნიშნა ხატია დეკანოიძემ.
ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ მორიგი რეზოლუცია მიიღო. კენჭისყრა სტრასბურგში რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. რეზოლუციის ავტორები არიან ევროპის სახალხო პარტია, რომლის წევრიც არის "ნაციონალური მოძრაობა", ასევე, ევროპული თავისუფალი ალიანსის წარმომადგენლები.
კენჭისყრამდე ევროპარლამენტში დებატები გაიმართა. ცარიელი დარბაზი, მუქარა, ისევ მოთხოვნა სააკაშვილის და იმ პატიმრების გათავისუფლების შესახებ, რომელთა დიდმა ნაწილმაც დანაშაული უკვე აღიარა და მოინანია. მმართველი გუნდის განცხადებით, ევრობიუროკრატების მორიგი დოკუმენტი ექსტრემიზმის წახალისებაა. მათივე თქმით, რიგით მეცხრე რეზოლუცია საქართველოზე თავდასხმის და შანტაჟის კიდევ ერთი მაგალითია.