10 ოქტომბერი 2026,   16:51
ვრცლად
საქართველოს პროკურატურაში მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორებისთვის, განგრძობადი განათლების ფარგლებში ტრენინგი ჩატარდა

საქართველოს პროკურატურაში მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორებისთვის, განგრძობადი განათლების ფარგლებში ტრენინგი ჩატარდა "არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება, ფსიქოლოგია და არასრულწლოვანთან ურთიერთობის მეთოდიკა".

სასწავლო კურსის ფარგლებში განიხილეს ისეთი მნიშვნელოვანი სამართლებრივი საკითხები, როგორიცაა: არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სფეროში არსებული საერთაშორისო ინსტრუმენტები, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კანონმდებლობა, არასრულწლოვან მოწმესთან და დაზარალებულთან ჩასატარებელი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების თავისებურებები, სამართალწარმოების პროცესში მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის როლი და სხვა.

სამართლებრივ საკითხებთან ერთად ყურადღება დაეთმო ფსიქოლოგიურ ასპექტებსაც, როგორიც არის ბავშვთა მიმართ ძალადობა ბავშვის განვითარების კონტექსტში, ძალადობით გამოწვეული ფსიქოლოგიური ტრავმა, მსხვერპლ და მოწმე ბავშვთან ურთიერთობის თავისებურებები, მსხვერპლი/მოწმე არასრულწლოვნის გამოკითხვის NICHD პროტოკოლი.

საქართველოს პროკურატურის საქმიანობის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულების განხორციელება წარმოადგენს. ამ მიზნით საქართველოს პროკურატურა მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლებას და პროფესიულ განვითარებას.

ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. 

დღის ამბები