ზემო ნიქოზში ანიმაციური ფილმების მე-13 საერთაშორისო ფესტივალი გაიხსნა. ღონისძიება საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1 700 წლისთავს ეძღვნება და მასში 24 ქვეყანა მონაწილეობს. წარმოდგენილი იქნება 85 ანიმაციური ფილმი.
საფესტივალო პროგრამა, ანიმაციური ფილმების ჩვენებებთან ერთად, საბავშვო აქტივობებს, გამოფენებს, სემინარებს, მასტერკლასებს, მუსიკალურ და ქორეოგრაფიულ ღონისძიებებს მოიცავს.
ფესტივალი 16 ოქტომბრამდე გაგრძელდება და მას სტუმრები სხვადასხვა ქვეყნიდან ეწვევიან.
საქართველოს კულტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ, მიხეილ კიკნაძემ, მონაწილეებს წარმატება უსურვა.
"24 ქვეყანა მონაწილეობს ამ ფესტივალში. მინდა, მათ წარმატებები ვუსურვო, მადლობა გადავუხადო ორგანიზატორებს. წლევანდელი ფესტივალი ეძღვნება საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1 700 წლისთავს", - აცხადებს მიხეილ კიკნაძე.