11 ოქტომბერი 2026,   22:00
ვრცლად
ახალი ლოკომოტივები, სატვირთო ვაგონები და თანამედროვე სამგზავრო მატარებლები - რა გზა გაიარა საქართველოს რკინიგზამ და რა სიახლეებით ხვდება 154 წლის იუბილეს?

საქართველოს რკინიგზაში მუშაობის 40-წლიანი გამოცდილების შემდეგ, ზურაბ მჭედლიძეს საპატიო რკინიგზელის წოდება მიენიჭა. ეს დღე მისთვის განსაკუთრებით ემოციური აღმოჩნდა, ისევე როგორც რკინიგზის არაერთი თანამშრომლისთვის. უკვე დაანონსებულია მათთვის ხელფასების 20%-იანი მატება. ამბობენ, რომ ცვლილებები, რომელიც ახლა ხორციელდება, საქართველოს რკინიგზის მრავალწლიან ისტორიაში სრულიად ახალ ფურცელს წერს.

საქართველოს რკინიგზა განვითარების ახალ ეტაპზე გადადის. აქტიურად მიმდინარეობს მასშტაბური მოდერნიზაციის პროცესი, რომელიც, როგორც სარკინიგზო ინფრასტრუქტურის, ისე მოძრავი შემადგენლობის განახლებას ითვალისწინებს. პირველად დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, ქვეყანა 50 ახალი ელექტროლოკომოტივის შეძენას გეგმავს. განახლების პროექტი, ასევე, მოიცავს 10 თანამედროვე სამგზავრო მატარებლის შემოყვანას. მიმდინარეობს ბორჯომ-ბაკურიანის ისტორიული, ე.წ. კუკუშკა მატარებლის შემადგენლობის და ინფრასტრუქტურის განახლებაც.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მიმდინარე რეფორმა საქართველოს რკინიგზას და, ზოგადად, ქვეყანას სრულიად ახალ შესაძლებლობებს უხსნის. უკვე გატარებული და დაგეგმილი ცვლილებების შესახებ პრეზენტაცია საზოგადოებას რკინიგზელის დღის აღსანიშნავ ღონისძიებაზე წარუდგინეს.

მსოფლიო ბანკის პროგნოზით, 2040 წლისთვის დერეფანში ტვირთბრუნვა დაახლოებით ოთხჯერ გაიზრდება, ხოლო საქართველოში ტვირთის გადაზიდვის დრო ორი მესამედით შემცირდება. გამტარუნარიანობის გაზრდის მიზნით, ვითარდება საქართველოს რკინიგზა, აეროპორტები და საზღვაო ნავსადგურების ტერმინალების ინფრასტრუქტურა. სატრანსპორტო პოლიტიკა სტრატეგიულ პარტნიორებთან შუა დერეფნის ქვეყნებთან მჭიდრო კოორდინაციას ეფუძნება.

რეფორმის ავტორები ამბობენ, რომ დაგეგმილი ცვლილებები კიდევ უფრო გააძლიერებს საქართველოს როლს ტრანსკასპიურ საერთაშორისო მარშრუტში. ქვეყანა, როგორც შუა დერეფნის მთავარი მოთამაშე, ახალ გლობალურ შესაძლებლობებს, ასევე, ახალი და თანამედროვე ინფრასტრუქტურით შეხვდება.

რეფორმის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია ანაკლიის პორტთან დამაკავშირებელი რკინიგზის მშენებლობა, რომელიც ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალს მნიშვნელოვნად გაზრდის.

მასშტაბური განახლება მგზავრთა გადაყვანის მიმართულებასაც მოიცავს. საქართველოს რკინიგზა 10 თანამედროვე სამგზავრო მატარებლის შეძენას გეგმავს. ამასთან, შეკეთდება არსებული მოძრავი შემადგენლობა და გაუმჯობესდება მისი ტექნიკური მდგომარეობა. მიზანი მგზავრებისთვის უფრო კომფორტული, უსაფრთხო და თანამედროვე სარკინიგზო მომსახურების შეთავაზებაა.

გაფართოვდება სამგზავრო მიმართულებებიც - აღდგება თბილისი-ქუთაისის სარკინიგზო მიმოსვლა, თბილისი–ახალციხის მიმართულებით კი სარეაბილიტაციო სამუშაოები დასასრულს უახლოვდება. შედეგად, დედაქალაქიდან ახალციხეში მგზავრობას, არსებული 6 საათის ნაცვლად, მხოლოდ 3 საათი დასჭირდება. რეფორმის ფარგლებში, 6-წლიანი პაუზის შემდეგ, უკვე აღდგა სარკინიგზო მიმოსვლა თბილისი-ბაქო-თბილისის მიმართულებით.

საქართველოს რკინიგზის განახლების მიზანი თანამედროვე, ეფექტიანი და კონკურენტუნარიანი სარკინიგზო სისტემის შექმნაა. ახალი ტექნოლოგიებისა და მოძრავი შემადგენლობის მოდერნიზაციის პარალელურად, სისტემის მნიშვნელოვან საყრდენად რჩებიან ადამიანები, რომლებიც ათწლეულებია ქვეყნის სარკინიგზო მიმოსვლის უწყვეტობას უზრუნველყოფენ.

რკინიგზელის დღე, მათი პროფესიული წვლილის აღიარებასთან ერთად, საქართველოს რკინიგზის განვითარების ახალი ეტაპის დასაწყისსაც ემთხვევა.

დღის ამბები