თბილისის სააპელაციო სასამართლოში ოთხი ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულების საქმის განხილვა დასრულდა. ცალკე წარმოებად გამოიყო მურთაზ ზოდელავას, გური ჟვანიას, ირაკლი ჩხვირკვიასა და ლაშა ბერიძის საქმეები.
ძალადობრივი აქციისა და პრეზიდენტის სასახლეზე შტურმის ორგანიზატორებმა დანაშაული აღიარეს და პროკურატურას საპროცესო შეთანხმების გაფორმების თხოვნით მიმართეს.
მომდევნო პროცესზე მათთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდება.
როგორც ლაშა ბერიძის ადვოკატმა, რამაზ ჩინჩალაძემ აღნიშნა, კანონის თანახმად, საპროცესო შეთანხმების საფუძველი წარდგენილი ბრალის აღიარებაა. უახლოესი ორი კვირის განმავლობაში ახალი მოსამართლე შეთანხმების ოქმებს განიხილავს და შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს.
"დღიდან არაუგვიანეს ორ კვირაში ახალი მოსამართლე განიხილავს აღნიშნული შეთანხმების ოქმებს და მიიღებს გადაწყვეტილებას.
საპროცესო შეთანხმების გაფორმების საფუძველი კანონის თანახმად, გახლავთ ბრალად წარდგენილი ქმედების აღიარება. შესაბამისად, რაც იყო წარდგენილი ბრალი, მოხდა მისი აღიარება და ფორმდება საპროცესო შეთანხმება," - განაცხადა ლაშა ბერიძის ადვოკატმა, რამაზ ჩინჩალაძემ.
გური ჟვანიას ადვოკატმა, ნათია კორკოტაძემ კი განმარტა, მიუხედავად იმისა, რომ დაცვის მხარეს თავდაპირველად სხვა პოზიცია ჰქონდა, გავრცელებული კადრებით გამოკვეთილი ძალადობისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, ბრალდებულმა საპროცესო შეთანხმებაზე ხელმოწერა თვითონ გადაწყვიტა.
"მოაწერა ჩემმა დაცვის ქვეშ მყოფმა ხელი აღნიშნულთან დაკავშირებით. პირველ დისტანციაში კი ჰქონდა სხვა პოზიცია, მაგრამ ის კადრები, რაც გამოქვეყნდა მერე ტელევიზიებით, რომ ერთ-ერთს არ ვიცი პოლიციელი იყო თუ მოქალაქე იყო, წიხლს ურტყამდა, ანუ ძალადობის ეპიზოდი გამოიკვეთა, ამდენად ჯანმრთელობის მდგომარეობაც ვერ აქვს კარგად და ეს ძალადობაც იყო გამოკვეთილი, აქედან გამომდინარე, გადაწყვიტა თვითონ, რომ საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით ხელი მოეწერა," - აღნიშნა გური ჟვანიას ადვოკატმა, ნათია კორკოტაძემ.
პროკურატურასთან შეთანხმებით ამავე საქმეზე დაკავებული 60 პირიდან ნახევარზე მეტმა სასჯელაღსრულების დაწესებულება უკვე დატოვა.