პარლამენტის თავმჯდომარე ხუთი ოპოზიციური პარტიის წინააღმდეგ შეტანილი საკონსტიტუციო სარჩელის შესახებ კიდევ ერთხელ საუბრობს. მან მედიასთან "ლელოს" წევრების განცხადება შეაფასა, რომლის მიხედვითაც, "ლელო" სასამართლოში საკუთარ ინტერესებს საერთაშორისო სპეციალისტებთან ერთად დაიცავს.
კითხვაზე, ხომ არ არის ეს ქართულ მართლმსაჯულებაში ჩარევის მცდელობა, შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ ოპოზიციური პარტიების ლიდერები უცხოეთში სწორედ თავიანთ "პატრონებთან" გარბიან.
"ყველაფერი არის გასაგები, ისინი თავის პატრონებთან მიდიან, რომ მათ კალთას შეეფარონ. სად არის დღეს "ლელოს" თავმჯდომარე ხაზარაძე - უცხოეთში; სად არის გახარია - უცხოეთში; სად არის ვაშაძე - უცხოეთში. ყველა მათგანი არა საკუთარ სამშობლოში, არამედ საკუთარი პატრონების მფარველობის ქვეშ იმყოფება.
ეს არის საუკუნის პროცესი, რომელიც აჩვენებს იმ მძიმე რეალობას, რომელსაც საზოგადოება, სამწუხაროდ, წლების განმავლობაში ითმენდა, როდესაც ჩვენ თვალწინ უცხოური აგენტურა დაკავებული იყო საქართველოში ქართველი ხალხის ნების ჩანაცვლებით, უცხო ძალებისა და ხელისუფლების ინტერესების გატარებით და ნებით. ამ ყველაფერს ვითმენდით იმიტომაც, რომ გარედან მნიშვნელოვანი ზეწოლა იყო და საქართველოს ხელისუფლებას არ ჰქონდა იმის რესურსი, რომ ამისთვის სრულად წინააღმდეგობა გაეწია. დღეს ეს მომენტი შეიცვალა, ჩვენ არ დავუშვებთ, რომ საქართველოში უცხოური ძალების დღის წესრიგი ტარდებოდეს ისე, როგორც ამას "ლელო", გვარამია თუ სხვები აკეთებენ, რომლებიც ქვეყანაში მტრულ დღის წესრიგს ახორციელებენ", - აცხადებს შალვა პაპუაშვილი.