ევროპაში მასობრივი პროტესტისა და არეულობის ფონზე თბილისში დასავლეთის ორმაგ სტანდარტებზე საუბრობენ. მმართველი გუნდის განცხადებით, ის ნაბიჯები, რაც ევროპის დედაქალაქებში წესრიგის აღდგენად და დემოკრატიის დაცვად ფასდება, საქართველოს შემთხვევაში ბრიუსელმა ძალადობად წარმოაჩინა.
"ქართულ ოცნებაში" კიდევ ერთხელ საუბრობენ ევრობიუროკრატების პოლიტიკურ მიზნებსა და შერჩევით მიდგომებზე, როდესაც ერთსა და იმავე ქმედებას საკუთარ და სხვა ქვეყნებში მკვეთრად განსხვავებულ შეფასებას აძლევენ.
პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, ირაკლი ჭეიშვილმა მაგალითად საფრანგეთში მომიტინგეთა მასობრივი დაკავებები მოიყვანა და აღნიშნა, რომ ანალოგიური ქმედებები საქართველოში პოლიტიკურ დევნად ითვლება.
"როდესაც ჩვენ ძალადობრივ აქციას, ესე ვთქვათ, კანონიერად ვშლიდით, ეს ევროკავშირის იმ მაღალი თანამდებობის პირებს არ მოსწონდათ, რომლებიც დღეს, თავიანთ ქვეყანაში, ხედავთ, თუ როგორ უმკლავდებიან მომიტინგეებს. ანუ, დაჭერილია საფრანგეთში ალბათ 2000-ზე მეტი ადამიანი, რატომღაც ჩვენ რომ იგივე გაგვეკეთებინა, პოლიტპატიმრებად შერაცხავდნენ იმ ადამიანებს. როცა თვითონ დგებიან დილემის წინაშე და მსგავს გადაწყვეტილებას იღებენ, ეს მათთვის მისაღებია და რატომღაც საქართველოში იგივე არის მიუღებელი და ეს არის ზუსტად ორმაგი სტანდარტი. როდესაც შიდა პოლიტიკა ვერ გაქვს დალაგებული და სხვას ჭკუას ასწავლი, თუ როგორ უნდა დაალაგოს სხვა ქვეყანამ შიდა პოლიტიკა და შენ უნდა ჩაერიო სუვერენულ ქვეყანაში, ეგ არის ზუსტად რაც სჭირს დღეს საფრანგეთს. ძაღლი შინ არ ვარგოდა, სანადიროდ გარბოდაო, ეგ სიტუაცია აქვს ზუსტად დღეს საფრანგეთის ხელისუფლებას", - აცხადებს ირაკლი ჭეიშვილი.
ავტორი: ნანა გოგატაძე