საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაცია, როგორც სახელმწიფოსა და ბიზნესის თანამშრომლობის გაძლიერებისა და ეკონომიკის სწრაფი განვითარებისთვის კიდევ ერთი მძლავრი მექანიზმი - ასე აფასებს პრემიერ-მინისტრი ახალი ფინანსური ინსტიტუტის მანდატს. ირაკლი კობახიძემ განმარტა, რომ სტრუქტურული გარდაქმნის მიზანი მეწარმეების ხელშეწყობა და შედეგზე ორიენტირებული პროექტების განხორციელებაა.
ეკონომიკის განვითარების კორპორაციის შექმნა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკის, ახალი შესაძლებლობების, გაზრდილი ამბიციებისა და განვითარების გრძელვადიანი ხედვის ლოგიკური გაგრძელებაა. სწორედ ამ საკითხზე გაამახვილა ყურადღება ვიცე-პრემიერმა, რომლის განცხადებით, ბოლო წლების განმავლობაში საქართველომ მნიშვნელოვანი ეკონომიკური ტრანსფორმაცია განიცადა. შედეგად, გაფართოვდა ვაჭრობის შესაძლებლობები და შეიქმნა ახალი სამუშაო ადგილები.
საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაცია 2026 წლის ივნისში სააგენტოს "აწარმოე საქართველოში" ბაზაზე შეიქმნა. ბიზნესის მხარდაჭერის, მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების გარდა, კორპორაცია შეძლებს მსხვილ და სახელმწიფოსთვის განსაკუთრებით სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტებში მონაწილეობას.
საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაციის პროგნოზით, მომდევნო 10 წლის განმავლობაში ქვეყნის ეკონომიკაში 40 მილიარდ ლარამდე ინვესტიციის მობილიზება მოხდება.