ზეწოლად და ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევად საგარეო საქმეთა სამინისტრო საკონსტიტუციო სარჩელთან დაკავშირებით ევროკავშირის წარმომადგენელთა ბოლო დროინდელ განცხადებებს მიიჩნევს. უწყებამ პარტიების წინააღმდეგ მომზადებული სარჩელის არსებით განხილვამდე, სამართალწარმოების ლეგიტიმურობის ეჭვქვეშ დაყენებას შემაშფოთებელი უწოდა. სამინისტრო ყველას თავშეკავებისკენ, კანონის უზენაესობისა და სასამართლოს დამოუკიდებლობის დაცვისკენ მოუწოდებს.
საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადების ერთ-ერთი ადრესატი ევროკომისიის პრესსპიკერია. კრისტიან უიგანდმა ევროპული ინსტიტუციის პოზიცია გაახმოვანა და თქვა, რომ მართლმსაჯულების სისტემის შესაძლო ინსტრუმენტალიზაცია შეშფოთებას იწვევს. ევროკავშირი კი საქართველოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ სარჩელებს მონიტორინგს გაუწევს. ევროპელი ბიუროკრატის ეს განცხადება სახელისუფლებო გუნდისთვის ორმაგი სტანდარტის მაგალითია. "ქართული ოცნება" ევროკომისიის პრესსპიკერს უკრაინის და მოლდოვის მაგალითებს ახსენებს, როდესაც უკრაინის შემთხვევაში18 პარტია სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე აიკრძალა, ხოლო მოლდოვამ 2 პოლიტიკური სუბიექტის საქმიანობა შეაჩერა.
ზეწოლის მცდელობის ნაწილია სახელისუფლებო პარტიისთვის საკონსტიტუციო სასამართლომდე ერთი დღით ადრე ოპოზიციისა და ელჩების შეხვედრაც. 5 ოპოზიციურ სუბიექტს ბრიტანეთის საელჩოში მასპინძელი ელჩის გარდა გერმანიისა და საფრანგეთის დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელებიც შეხვდნენ. ოპოზიციონერების ნაწილი არ მალავს, რომ საუბრის მთავარ საკითხებს შორის პარტიების აკრძალვის თემა ერთ-ერთი მთავარი იყო და მოკავშირეებისგან დახმარების მიღებაც მნიშვნელოვანია.
პირველ სასამართლო სხდომამდე ელჩებთან შეხვედრა მმართველი გუნდისთვის ოპოზიციის მორიგი ლუსტრაციაა. სახელისუფლებო ძალაში მიაჩნიათ, რომ ოპონენტებს საზოგადოების მხარდაჭერა არ გააჩნიათ ქართველ ხალხს ვერ ესაუბრებიან და დახმარებას კვლავ უცხოელი აქტორებისგან ელოდებიან.
იმ პარტიების ლიდერებს, რომელთა საქმიანობის აკრძალვის მიზნითაც საკონსტიტუციო სარჩელი მომზადდა, პრემიერ მინისტრი ურჩევს, რომ სასამართლოს საფუძვლიანი სამართლებრივი არგუმენტები წარუდგინონ. მთავრობის მეთაურმა ევროპული სტრუქტურების მხრიდან გაკეთებული განცხადებებიც შეაფასა და განაცხადა, რომ სასამართლო პროცესზე ზეგავლენის მოხდენის მცდელობა პირველ რიგში ევროპულ ღირებულებებს უპირისპირდება.
"ქართული ოცნება" ევრობიუროკრატებსაც და ადგილობრივ ოპონენტებსაც მოუწოდებს უარი თქვან საქართველოს წინააღმდეგ ორმაგი სტანდარტით მოქმედებაზე.