ვოლოდიმირ ზელენსკი ამერიკის შეერთებულ შტატებთან სტრატეგიულ პარტნიორობაზე საუბრობს და აცხადებს, რომ უკრაინას ვაშინგტონთან ბევრად მეტი საერთო აქვს, ვიდრე აშშ-ს რუსეთთან.
უკრაინის პრეზიდენტის განმარტებით, იგი მზადაა დონალდ ტრამპთან ენერგეტიკული ზავის საკითხზე ითანამშრომლოს, თუმცა იმ პირობებში, როდესაც რუსეთი უკრაინის ენერგოსისტემას უტევს, აშშ-მა კიევს თავდაცვისთვის შესაბამისი საჰაერო რაკეტები უნდა მიაწოდოს, რათა ქვეყანამ საკუთარი ინფრასტრუქტურის დაცვა შეძლოს.
"ამერიკის შეერთებულ შტატებთან ყოველთვის გვქონდა მნიშვნელოვანი და მტკიცე სტრატეგიული ურთიერთობები. ჩვენი ორმხრივი ურთიერთობები განსაკუთრებით აქტიურად ფართომასშტაბიანი ომის დროს განვითარდა. მადლობელი ვარ ყოველგვარი მხარდაჭერისთვის.
თუმცა, ჩვენს ურთიერთობებს ყოველთვის პატიოსნებასა და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, გამჭვირვალობაზე ვაგებდით. იმიტომ, რომ როდესაც ტყუი იმ დროს, როდესაც შენი ხალხი ომშია, ეს ძალიან მტკივნეულია. სწორედ ამიტომ მინდოდა ყოველთვის, რომ არაფერი დამემალა და აშშ-ის პრეზიდენტისთვის არასდროს მომეტყუებინა. ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენ უფრო მეტი საერთო გვაქვს, ვიდრე ამერიკას რუსეთთან. უკრაინასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში ხალხის უმრავლესობას ეს ესმის. ჩვენ გვსურს, ამერიკასთან კვლავ გავაგრძელოთ ისეთივე ღია, პატიოსანი და პრაგმატული ურთიერთობები, როგორიც დღეს გვაქვს.
პოზიცია ძალიან მარტივია: ჩვენ მხარს ვუჭერთ ორმხრივ ენერგეტიკულ ზავს. თუ საუბარია იდეაზე, რომ არ უნდა დავარტყათ რუსულ ენერგოობიექტებს მას შემდეგ, რაც ისინი გვირტყამენ გაზზე, ელექტროენერგიაზე, ნავთობსა და ყველაფერზე. რუსები გვირტყამენ. ამერიკას მათი შეჩერება არ შეუძლია. მოდით დავიჯეროთ, რომ ამერიკას ეს მართლაც სურს, მაგრამ ვერ ახერხებს. ასეთ შემთხვევაში, როგორც პარტნიორი, მზად ვარ პრეზიდენტ ტრამპს ნაბიჯი გადავუდგა: თუ ისინი გვირტყამენ და ჩვენ საპასუხო დარტყმა არ შეგვიძლია - ეს არც პატიოსანია და არც სამართლიანი - მაგრამ თუ ეს არის ის, რაც თქვენ გჭირდებათ, თუ ვერ ახერხებთ პუტინის შეკავებას, მაშინ მოგვეცით გადამჭრელი რაკეტები, რათა შევძლო ჩვენი ენერგოინფრასტრუქტურის დაცვა. თქვენ ვერ შეაჩერეთ პუტინი - თუმცა დაეხმარეთ უკრაინას", - განაცხადა ზელენსკიმ.