უსაფრთხოების უპრეცედენტო ზომები საფრანგეთში - ქვეყანაში, მორიგი საპროტესტო ტალღა იწყება. მობილიზებულია 70 000 პოლიციელი და ჟანდარმი. არეულობის პრევენციისთვის, ვერტმფრენები, დრონები და ჯავშანტექნიკა გამოიყენება.
პარიზში მთავარი დემონსტრაცია ადგილობრივი დროით 14:00 საათზე უნდა დაიწყოს, თუმცა პოლიციამ დაგეგმილი მსვლელობა აკრძალა, რასაც პროტესტი მოჰყვა.
საფრანგეთში იმყოფება "კურიერის" გადამღები ჯგუფი, რომელმაც "ყვითელჟილეტიანებთა" კოორდინატორი ბენჟამენ ბალი ექსკლუზიურად ჩაწერა. ბენჟამენ ბალის განცხადებით, პროტესტი მასშტაბური იქნება და მას ვერ შეჩერებს ის სპეცდანიშნულების რაზმი, რომელიც მაკრონის მთავრობამ ქუჩაში გამოიყვანა
"ყვითელჟილეტიანები" ასევე აცხადებენ, რომ თუ დღეს ჩვენ პარიზის ქუჩებში ძალადობას ვიხილავთ, ეს ძალადობა ემანუელ მაკრონის მთავრობის მიერ იქნება გამოწვეული.
"დღეს მთელ საფრანგეთში უზარმაზარი დემონსტრაცია გაიმართება. ხალხი მასობრივ პროტესტს გეგმავს. ხალხი ფეხზე დგება საერთო მოთხოვნების დასაცავად. აქ არიან - ექთნები, მეხანძრეები, ფერმერები. ასევე "ყვითელ ჟილეტიანები" და სტუდენტები. სწორედ ამიტომ გამოვდივართ.
დღეს ძალადობას თავად ემანუელ მაკრონი ქმნის. მან დემონსტრაციის სტრუქტურა მოშალა. ეს განზრახ გააკეთა. ბოლო წუთს ხალხს შეკრება აუკრძალა. ხალხი დაიბნა. ეს ხდება მთელი საფრანგეთის მასშტაბით. ყველაფერზე პასუხისმგებელი კი სწორედ ემანუელ მაკრონია. ახლა მან თავის ქმედებებზე პასუხი უნდა აგოს," - აცხადებს აქციის მონაწილე.