ემანუელ მაკრონის საპრეზიდენტო ვადის დასასრულს, ვითარება კიდევ უფრო მძიმდება - 17 ოქტომბერს მომხდარმა ძალადობამ და ძარცვამ, ქვეყანაში მწვავე რეაქცია გამოიწვია, ემანუელ მაკრონის მიმართ განწყობები კი რეკორდულად დაბალ ნიშნულზეა.
Public Sénat-ისა და რეგიონული პრესის დაკვეთით ჩატარებული Odoxa-ს ბოლო სოციოლოგიური გამოკითხვის თანახმად, ფრანგების 83% ემანუელ მაკრონს ცუდ პრეზიდენტად მიიჩნევს. ეს წინა გამოკითხვასთან შედარებით ორი პროცენტული პუნქტით მეტია.
მისი მეორე საპრეზიდენტო ვადის დასრულებამდე ექვსი თვით ადრე, გამოკითხულთა მხოლოდ 16% აფასებს მის საქმიანობას დადებითად.
მედიის ცნობით, ეს მაჩვენებელი ამ სოციოლოგიური გამოკითხვის ისტორიაში უპრეცედენტოა და ემანუელ მაკრონს ფრანსუა ოლანდის ნეგატიურ შედეგებს აახლოებს, რომელიც მისი პრეზიდენტობის პერიოდში 84%-ს შეადგენდა.
თუმცა, როგორც Odoxa-ს პრეზიდენტი გაელ სლიმანი განმარტავს, მიუხედავად იმისა, რომ ემანუელ მაკრონისა და ფრანსუა ოლანდის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულების მაჩვენებლები ერთმანეთს უტოლდება, მათი არაპოპულარობის მიზეზები განსხვავებულია.
მისი თქმით, ყოფილ სოციალისტ პრეზიდენტს, ფრანსუა ოლანდს, „მნიშვნელოვნად ნაკლებად უარყოფდნენ“. რაც შეეხება მოქმედ პრეზიდენტს, მაკრონის მიმართ პიროვნული მიუღებლობის მაჩვენებელი Odoxa-ს გამოკითხვებით 50%-ს აჭარბებს. სლიმანის თქმით, ფრანსუა ოლანდის არაპოპულარობა უფრო მეტად უკავშირდებოდა მის მიმართ გამოთქმულ კრიტიკას იმის გამო, რომ მას მოქმედება არ შეეძლო, ვიდრე მის პიროვნულ მიუღებლობას.
როგორც მედია წერს, 17 ოქტომბრის ძალადობრივმა მოვლენებმა ფრანგების უკმაყოფილება კიდევ უფრო გაამწვავა. ამ ფონზე, ფრანგებში ყველაზე გავრცელებული ემოცია არც უძლურების განცდაა (19%) და მით უმეტეს, არც შიში (12%). პირველ ადგილზე ბრაზი და აღშფოთებაა - ეს განცდა გამოკითხულთა 67%-მა დაასახელა.
როგორც კვლევაშია აღნიშნული, ეს ბრაზი მხოლოდ არეულობის მონაწილეების წინააღმდეგ არ არის მიმართული - ის პოლიტიკურ კლასზეც ვრცელდება და კიდევ უფრო ასუსტებს პრეზიდენტისა და მისი მთავრობის პოზიციებს.
სახელმწიფოს მეთაური 17 ოქტომბრის არეულობისა და ვანდალური ქმედებების შემდეგ საჯაროდ გამოვიდა და განცხადება გააკეთა. თუმცა, გაელ სლიმანის შეფასებით, ამას შედეგი არ მოჰყოლია.
სოციოლოგის აზრით, პრეზიდენტის გამოსვლამ მოსალოდნელის საპირისპირო შედეგი გამოიღო.
„საჯარო განცხადების გაკეთებით - ან როგორც ზოგი იტყოდა, "უშინაარსო საუბრით" - პრეზიდენტმა არა მხოლოდ ვერ შეძლო ფრანგების დარწმუნება, არამედ შექმნა განცდა, რომ მისი გულგრილობა და უმოქმედობა მას დამნაშავეს ხდის", - აღნიშნავს სლიმანი.