საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ (GCCA) შპს "ფერის" მიერ შპს "ეი ენერჯის" 25%-იანი წილის შეძენის გზით განხორციელებული კონცენტრაცია შეაფასა და კონკურენტულ გარემოსთან თავსებადად ცნო.
კონცენტრაციის შეფასების ფარგლებში, სააგენტომ შეისწავლა საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი შენობების მშენებლობისა და ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის ბაზრები. ასევე, შეფასდა მზის ელექტროსადგურების მშენებლობის ბაზარზე შესაძლო ჰორიზონტალური გადაფარვა.
ანალიზის შედეგად, დადგინდა, რომ მზის ელექტროსადგურების მშენებლობის ბაზარზე სამიზნე კომპანია ამ ეტაპზე არ ოპერირებს და მხოლოდ სამომავლო პროექტი აქვს. შესაბამისად, კონცენტრაციის შედეგად ბაზრის კონცენტრაციის HHI ინდექსის ცვლილება მოსალოდნელი არ იყო. ამასთან, მზის ელექტროსადგურების მშენებლობის მიმართულებას შპს "ფერის" მიერ 2025 წელს საქართველოში გაწეული მომსახურებების საერთო მოცულობაში მცირე წილი ეკავა. აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სააგენტომ ამ ბაზრის დეტალური შესწავლა მიზანშეწონილად არ მიიჩნია.
ამასთან, ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის ბაზრის მოცულობამ 2025 წელს 596 476 037 ლარი შეადგინა, ხოლო კონცენტრაციის HHI ინდექსი 525.8-ს გაუტოლდა, რაც დაბალკონცენტრირებულ ბაზარზე მიუთითებს. შეფასების შედეგად დადგინდა, რომ კონცენტრაცია აღნიშნულ მაჩვენებელს არ ცვლის.
რაც შეეხება საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი შენობების მშენებლობის ბაზარს, 2025 წელს ამ მიმართულებით 286 ეკონომიკური აგენტის ჯგუფი ოპერირებდა. ბაზრის საერთო მოცულობამ 3 521 049 167 ლარი შეადგინა, ხოლო HHI ინდექსმა - 938.85. აღნიშნული მაჩვენებელი ბაზრის ზომიერ კონცენტრაციაზე მიუთითებს. სააგენტოს შეფასებით, განხორციელებული კონცენტრაცია ამ მაჩვენებელზეც გავლენას არ ახდენს.
ამრიგად, სააგენტოს მიერ ჩატარებული ანალიზის საფუძველზე დადგინდა, რომ განხორციელებული კონცენტრაცია შესაბამის ბაზრებზე არსებით გავლენას არ ახდენს და კონკურენტულ გარემოსთან თავსებადია.
ინფორმაციისთვის: GCCA-ს წინასწარ სავალდებულო წერილობით შეტყობინებას ექვემდებარება კონცენტრაცია, თუ მისი მონაწილე პირების ერთობლივი შემოსავალი საქართველოს ტერიტორიაზე, წინა ფინანსური წლის მდგომარეობით, 20 მილიონ ლარს აღემატება და, ამასთან, კონცენტრაციის მონაწილე მინიმუმ ორი პირიდან თითოეულის ერთობლივი შემოსავალი 5 მილიონ ლარზე მეტია.
სავალდებულო შეტყობინებას დაქვემდებარებული კონცენტრაციის სააგენტოსთვის შეტყობინების გარეშე, შეტყობინების განხილვამდე ან სააგენტოს უარყოფითი დასკვნის მიუხედავად, განხორციელების შემთხვევაში, შეტყობინების წარდგენის ვალდებულების მქონე პირი ჯარიმდება.
2026 წელს საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ თანხმობა გასცა 13 კონცენტრაციაზე.