საკონსტიტუციო სასამართლოში ისტორიული პროცესი სამშაბათიდან გაგრძელდება. ცნობილია, რომ ერთ-ერთი მოსამართლის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, სხდომის დაწყება ერთი დღით გადაიდო.
5 ოპოზიციური ძალის აკრძალვის სარჩელის განხილვა კითხვა-პასუხის რეჟიმში განახლდება.
ინფორმაცია სხდომის გადადების შესახებ, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ დაადასტურა და აღნიშნა, რომ მოსამართლეთა კითხვებით, საზოგადოება კიდევ ერთხელ დაინახავს თუ რამდენად დასაბუთებულია "ქართული ოცნების" სარჩელი:
"როგორც საკონსტიტუციო სასამართლომ გვაცნობა, ხვალინდელი სხდომა, ერთ-ერთი მოსამართლის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე გადაიდო. სხდომები სამშაბათიდან განახლდება. შესაბამისად განახლდება უკვე მოსამართლეთა კითხვებით ჯერ მოსარჩელეებთან, შემდეგ მოპასუხეებთან და საზოგადოება კიდევ ერთხელ დაინახავს რამდენად დასაბუთებულია ჩვენი სარჩელი და რამდენად ცდილობენ გაქცევას არაკონსტიტუციური პარტიები, ის პარტიები, რომლებიც პირდაპირი მნიშვნელობით დღევანდელ დღემდე ცდილობენ, რომ ფეხქვეშ გათელონ საქართველოს კონსტიტუცია, სამართლებრივი სახელმწიფო და დემოკრატიის პრინციპი,"- აცხადებს არჩილ გორდულაძე.
მმართველი პარტია - "ნაციონალური მოძრაობის", "დროას", "ახალის", "ლელოს" და გახარიას პარტიის აკრძალვას მოითხოვს. სარჩელში წარმოდგენილია დასაბუთებული არგუმენტაცია, კონკრეტული მტკიცებულებები და მაგალითები, რაც საპარლამენტო უმრავლესობის განცხადებით, პარტიების არაკონსტიტუციურობას მოწმობს.