07 ნოემბერი 2026,   21:48
ვრცლად
ბრიუსელი არ ასახელებს, ვის გულისხმობს "თვითნებურად დაკავებულებში" - მმართველი გუნდი კი ევრობიუროკრატების ორმაგ სტანდარტებზე საუბრობს

კითხვა ისევ უპასუხოდ რჩება - ბრიუსელი ამ დრომდე არ განმარტავს, ვის გულისხმობს "თვითნებურად დაკავებულებში" - ვის გათავისუფლებას ითხოვენ გაფართოების შესახებ ანგარიშით: პრეზიდენტის სასახლეზე შტურმისთვის ბრალდებულებს, რომელთაც თავადვე აღიარეს დანაშაული; მსჯავრდებულებს, რომლებიც პოლიციელების მისამართით მოლოტოვის კოქტეილის სროლისთვის იხდიან სასჯელს, რაც თავის მხრივ საფრანგეთში უვადო პატიმრობასაც ითვალისწინებს, თუ, მაგალითად, მიხეილ სააკაშვილს, რომლის გათავისუფლების მოტივითაც ელჩები დიპლომატიურ დემარშსაც აწყობდნენ? - "კურიერის" კითხვას ევროკომისიამ რამდენიმე დღის შემდეგ უპასუხა, თუმცა მხოლოდ ერთი წინადადებით - რომ დამატებითი ინფორმაციის გაზიარება არ შეუძლიათ.

ევროკომისიამ, რომელსაც ანგარიშის გამოქვეყნებისთანავე მივმართეთ, იმავე ანგარიშზე მიგვითითა, რის გამოც მათგან განმარტება ვითხოვეთ. საუბარია ორაზროვან და ბუნდოვან მოწოდებაზე ფორმულირებით - "გათავისუფლდნენ თვითნებურად დაკავებულები". ჩანაწერით არ კონკრეტდება, ვის გულისხმობენ უკანონოდ დაპატიმრებულ პირებში.

სხვა ინფორმაციის მოწოდება ვერ შეძლო ვერც ევროკავშირის ელჩმა. მედიის კითხვების მიუხედავად, გამართულ ბრიფინგზე არც პაველ ჰერჩინსკის დაუკონკრეტებია, ვინ არიან "თვითნებურად დაკავებულები". დიპლომატმა დაადასტურა მხოლოდ ის, რომ სია არსებობს, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებმა შეადგინეს. განმარტება რომ საჭიროა, ვერ უარყოფენ ვერც ხელისუფლების ოპონენტები, თუმცა დარწმუნებულები არიან, რომ ევროკომისია იმ აქციებზე დაკავებულებს გულისხმობს, რომელსაც თავად მშვიდობიანს უწოდებენ. "ნაციონალური მოძრაობისთვის" კი მიხეილ სააკაშვილიც "თვითნებურად" დაკავებულია.

არ აკონკრეტებენ, რადგან არ აღიარონ - მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ კონკრეტული პირებისა და მათი გვარების დასახელებით, მკაფიოდ გამოჩნდება, ერთი მხრივ, ის ორმაგი სტანდარტი, რომელიც ევროპაში განვითარებული მოვლენების ფონზე უფრო ნათელი გახდა, მეორე მხრივ კი ის, რომ სწორედ გარე აქტორები აქეზებდნენ და მფარველობენ მოძალადეებს, რომელთა გათავისუფლებასაც ახლა თავადვე ითხოვენ.

კონკრეტული სია, გვარებით, ევროკომისიისგან ანგარიშის გამოქვეყნებისთანავე მოითხოვა ხელისუფლებამ, რომელსაც მიაჩნია, რომ, ბრიუსელის ორმაგი სტანდარტის ფონზე, სწორედ სამართლებრივი საკითხების პოლიტიზება ამცირებს სივრცეს დიალოგისთვის.

დღის ამბები