07 ნოემბერი 2026,   21:46
ვრცლად
საქართველო ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენაზე - 37 კომპანია და 3 თემატური პავილიონი შანხაიში

3 თემატური პავილიონი და 37 ქართული კომპანია - საქართველო ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენის მონაწილეა. წლევანდელი კონცეფცია საქართველოს კულტურისა და ისტორიის წარმოჩენას ეძღვნება. პავილიონის გაფორმებაში გამოყენებულია ნიკო ფიროსმანის შემოქმედება. სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ, მონაწილეობა მიიღონ ქართული კალიგრაფიის მასტერკლასში და მოისმინონ ინფორმაცია ქართული დამწერლობის ისტორიის შესახებ. პავილიონები სხვადასხვა თემატიკით არის წარმოდგენილი, მათ შორის არის სამომხმარებლო მიმართულებაც.

ჯამში 732 კვადრატული მეტრიდან 500 კვადრატულზე მეტი საკვებისა და სასმელების პავილიონს ეთმობა. ბიზნესის სფეროს წარმომადგენლები აქცენტს ახალი სავაჭრო კავშირების განვითარებაზე აკეთებენ.

შანხაიში წარმოდგენილები არიან ქართული ღვინის უცხოელი იმპორტიორებიც. მათი შეფასებით, წლევანდელი გამოფენა პროდუქციის რეალიზების კუთხით ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული აღმოჩნდა. ამბობენ, რომ ქართული ღვინის მიმართ ინტერესი ყოველწლიურად იზრდება, რასაც გაყიდვების რაოდენობაც ადასტურებს.

ღონისძიებაში საქართველო ეკონომიკის სამინისტროს ორგანიზებით და ინვესტიციების სააგენტოს თანადაფინანსებით მონაწილეობს. ჩინეთის წამყვანი სავაჭრო კომპანიების წარმომადგენლებთან ორმხრივი შეხვედრები გამართა ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ.

საქართველო ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენაზე უკვე მეცხრედ მონაწილეობს. ღონისძიება ქალაქ შანხაიში 10 ნოემბრის ჩათვლით იმართება.

დღის ამბები