07 ნოემბერი 2026,   22:00
ვრცლად
6 ათწლეული ქართულ სცენაზე, უამრავი ჰიტი და თაობების საყვარელი მელოდიები - ჯემალ სეფიაშვილის საიუბილეო წელი მასშტაბური მზადებით იწყება

"ჩამოთოვა ისევ" - ჯანსუღი ჩარკვიანის ლექსზე შექმნილ, მსმენელისთვის უკვე კარგად ცნობილ და საყვარელ სიმღერას, ბევრი წლის შემდეგ, ჯემალ სეფიაშვილი ახალი ინტერპრეტაციით აცოცხლებს. ეს უკვე მეშვიდე ნაწარმოებია, რომლის განახლებული ვერსიაც, ყველაზე მეტი ჰიტის ავტორმა, ლეგენდარულმა კომპოზიტორმა "შამო სტუდიაში" ჩაწერა.

ჩაწერები თითქმის ყოველდღიურ რეჟიმში გრძელდება. სამუშაო ბევრია, რაც, სტუდიამდე, სახლში იწყება. სიმღერების ტექსტი და მელოდია უცვლელი რჩება, თუმცა იცვლება ხასიათი და ჟღერადობა.

მაყურებელი მოისმენს იმ ჰიტების სრულიად ახლებურ ვერსიას, რომლებზეც ერთდროულად რამდენიმე თაობა გაიზარდა. მომავალი წელი საიუბილეოა. ჯემალ სეფიაშვილს 19 თებერვალს 80 წელი უსრულდება.

ვიდრე მსმენელი დიდ საიუბილეო კონცერტს იხილავს, ჯემალ სეფიაშვილი მაყურებელს გრიბოედოვის თეატრში შეხვდა.

ნახევარ საუკუნეზე მეტია, სცენაზე დგას, თუმცა მაყურებელთან გასვლამდე დღემდე ღელავს. კონცერტი საკუთარ ქალაქში მისთვის ყოველთვის განსაკუთრებული პასუხისმგებლობა და ემოციაა.

"თბილისო ჩემო" - კონცერტი, რომლის სახელწოდებაც თავად ჯემალ სეფიაშვილმა შეარჩია, მერიის მხარდაჭერით ჩატარდა. საღამომ გრიბოედოვის თეატრში სრული ანშლაგით ჩაიარა. სცენაზე, კომპოზიტორთან ერთად, მისი შვილი, ცისანა სეფიაშვილიც წარდგა.

კონცერტზე ჯემალ სეფიაშვილმა სიმღერა "ჭაღარა" ახალი ინტერპრეტაციით შეასრულა. კომპოზიციის ტექსტის ავტორი პოეტი ირმა გურიელია, რომელთანაც ჯემალ სეფიაშვილს მრავალწლიანი მეგობრობა და შემოქმედებითი საქმიანობა აკავშირებს.

ჯემალ სეფიაშვილის სიმღერების მოსმენა და მასთან ერთად სიმღერა თამარ გვეწითელისთვის ყოველთვის განსაკუთრებული ემოციაა. კონცერტზე მისი გამოჩენა მაყურებლისთვის სიურპრიზი აღმოჩნდა.

გრიბოედოვის თეატრში გამართულ ორსაათიან კონცერტზე ჯემალ სეფიაშვილმა ყველა სიმღერა ცოცხლად შეასრულა. მაყურებელი კომპოზიტორის შემოქმედებას კარგად იცნობს, თუმცა ერთი რომელიმე სიმღერის გამორჩევა უჭირს.

კომპოზიტორ წინ უამრავი გეგმა და განუხორციელებელი იდეა აქვს, როგორც თავად ამბობს, მისთვის მნიშვნელოვანია, სიმღერები მომავალ თაობებს გადაეცეს და მისმა მუსიკამ მსმენელთან კავშირი არ დაკარგოს.

დღის ამბები