პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, თორნიკე ჭეიშვილმა, საკონსტიტუციო სასამართლოში 5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვის შესახებ მიმდინარე სარჩელზე და ოპოზიციის დამოკიდებულებებზე ისაუბრა.
ჭეიშვილის შეფასებით, საკონსტიტუციო განხილვებმა აჩვენა, რომ მოპასუხე მხარე ყველანაირად ცდილობს, თავი აარიდოს არსებით საკითხებზე მსჯელობას.
"საკონსტიტუციო განხილვებმა დაგვანახა, რომ მოპასუხე მხარე ყველანაირად ცდილობს, თავი აარიდოს ცენტრალურ საკითხებზე მსჯელობას. მოპასუხე მხარისგან, გარდა გარკვეულწილად ყალბი და იაფფასიანი პათეტიკური ნარატივისა, რომელიც არაერთგზის გაისმა სასამართლოს სხდომის დარბაზში, სხვადასხვა ტიპის პოლიტიკური განცხადებებისა, რაც აბსოლუტურად შეუფერებელია სასამართლო პროცესისათვის, იყო გარკვეულწილად მუქარანარევები განცხადებები საკუთრივ სასამართლოს მისამართით.
"კოლექტიური ნაცმოძრაობა" და მისი ანასხლეტები, ე.წ. პარტიები გამოირჩევიან საკონსტიტუციო ორგანოების მიმართ აბსოლუტურად არასერიოზული და დამაკნინებელი დამოკიდებულებით, ეს კიდევ ერთხელ დადასტურდა საკონსტიტუციო სასამართლოს კონტექსტშიც და მიმდინარე დავის ფარგლებში. ვინაიდან "კოლექტიურ ნაცმოძრაობას" საკონსტიტუციო წესრიგი, საკონსტიტუციო ინსტიტუტების პატივისცემა იმთავითვე, თუნდაც მაშინ, როდესაც ისინი თავად ბრძანდებოდნენ ხელისუფლებაში, არაფრად არ მიაჩნდა და ეს იყო მათი ხელწერა", - განაცხადა პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ თორნიკე ჭეიშვილმა.
საკონსტიტუციო სასამართლოში 5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვა დღეს განახლდება. სხდომები კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდება. მოსარჩელე მხარე დარწმუნებულია, რომ ოპოზიცია, რომელსაც სამართლებრივი არგუმენტები არ აქვს, კვლავ დროის გაჭიანურებას შეეცდება. მმართველი პარტიის განცხადებით, ყველა ბრალდება დასაბუთებული და სამართლებრივად გამართულია.
"ქართული ოცნების" სარჩელის არსებითი განხილვა საკონსტიტუციო სასამართლომ 21 ოქტომბერს დაიწყო. მხარეებმა უკვე გაიარეს მტკიცებულებების წარდგენის, შუამდგომლობებზე მსჯელობის და ახსნა-განმარტებების ეტაპები. ბრალდებები მძიმეა - საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ მიმართული ქმედებები, კონსტიტუციური წყობილების ხელყოფის მცდელობა, სისტემური დანაშაულები, საბოტაჟი და მოქმედება ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ.